ფილიპ დე მონტებელოს ლექცია – „ხელოვნების მუზეუმის დაბადება და ევოლუცია“ გაიმართება

30 სექტემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში  ფილიპ დე მონტებელოს ლექცია – „ხელოვნების მუზეუმის დაბადება და ევოლუცია“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ფილიპ დე მონტებელო გაეცნობა დედაქალაქისა და რეგიონების მუზეუმებს, ჩაატარებს საჯარო ლექციებსა და სემინარებს მუზეუმების თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის.
ფილიპ დე მონტებელო ცნობილია თავისი 31-წლიანი (1977-2008 წწ.) მოღვაწეობით მეტროპოლიტენის მუზეუმში. 2008 წელს მეტროპოლიტენის მუზეუმმა მის საპატივცემულოდ მოაწყო გამოფენა „ფილიპ დე მონტებელოს წლები: კურატორები აღნიშნავენ ნაყოფიერ 30 წელს“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 300-ზე მეტი ექსპონატი, რომელიც მუზეუმს მისი მმართველობის პერიოდში შეემატა.
ფილიპ დე მონტებელო დაიბადა პარიზში. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ის სწავლობდა ჰარვარდის კოლეჯსა და ხელოვნების ინსტიტუტში (NYU). ჰიუსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე ოთხი წლის განმავლობაში მუშაობის შემდეგ, მან კარიერა მეტროპოლიტენ მუზეუმში გააგრძელა, როგორც ევროპული ფერწერის დეპარტამენტის კურატორმა, შემდეგ კი ამავე მუზეუმის დირექტორის პოსტზეც დაინიშნა.
მეტროპოლიტენის მუზეუმიდან წამოსვლის შემდეგ, ფილიპ დე მონტებელო გახდა მადრიდში პრადოს მუზეუმის რეზიდენტურის პირველი მკვლევარი და დაიწყო ახალი აკადემიური კარიერა ნიუ-იორკის სახვითი ხელოვნების ინსტიტუტში. ფილიპ დე მონტებელო ასევე არის ემის ჯილდოს მფლობელი ყოველკვირეული სერიალის „NYCArts“ ავტორი და თანაწამყვანი.
2008 წელს მონტებელო აირჩიეს ორსეს მუზეუმის (Musée d’Orsay) სამეურვეო საბჭოში. 2012 წელს მადრიდის პრადოს მუზეუმის საპატიო რწმუნებული, 2014 წელს – საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის წევრი, ხოლო 2015 წელს კი ესპანური საზოგადოების მუზეუმისა და ბიბლიოთეკის თავმჯდომარე გახდა.
2003 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მონტებელო დააჯილდოვა ეროვნული მედლით ხელოვნების სფეროში (National Medal of the Arts), 2009 წელს კი პრეზიდენტმა ბარაკ ომაბამ მას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ეროვნული მედალი გადასცა (National Medal of the Humanities). მონტებელო არის მეოთხე ადამიანი, რომელიც ერთდროულად ორივე ჯილდოს მფლობელია.
ფილიპ დე მონტებელო არის ღირსების ლეგიონის ოფიცერი (Officier de la Légion d’Honneur), და ბევრ სხვა ტიტულთან ერთად, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო ხარისხი აქვს მინიჭებული. 1996 წელს ფილიპ დე მონტებელო ნიუ იორკის ღირშესანიშნაობების კომისიამ ,,ცოცხალ ლეგენდად’’ აღიარა.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები