თბილისის მერმა პეკინის N23-ში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გახსნა

თბილისს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა – დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ პეკინის N23-ში თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად გახსნა და ბავშვებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, N74-ე საბავშვო ბაღი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის. აღსაზრდელებისთვის აქ არის კეთილმოწყობილი, გამწვანებული შიდა ეზო სათამაშო მოედნითა და ატრაქციონებით.
დღეს თბილისის მერმა საბავშვო ბაღს საჩუქრად საბავშვო ლიტერატურა გადასცა.
„ჩვენ დღეს გავხსენით ახალი საბავშვო ბაღი პეკინის გამზირზე. აქ არის ყველა პირობა იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები ღირსეულად აღიზარდონ. ამ ბაღში კიდევ მეტი ბავშვის მიღებას შევძლებთ მომავალში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
საბურთალოს რაიონში, პეკინის 23-ში მდებარე ბაგა-ბაღი 15 წლის წინ დაიხურა, ტერიტორია გასხვისდა დეველოპერულ კომპანიაზე, რომელიც ბაღის ადგილას მრავალსართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავდა. თბილისის მერიამ აღნიშნული ტერიტორია გასულ წელს ადგილმონაცვლეობის პრინციპით დაიბრუნა და ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო.
ცხრა ჯგუფიან ბაღში დარეგისტრირებულ 350 აღსაზრდელს 70-კაციანი პერსონალი მოემსახურება.
2017 წლის შემოდგომაზე თბილისს ხუთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. ახალი ბაღები იხსნება ასევე ვაშლიჯვრის დასახლებაში, ნაძალადევში, ჩუღურეთში და თბილისთან შემოერთებულ სოფელ წინუბანში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები