პრემიერ-მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე 21 სექტემბერს სიტყვით გამოვა. საქართველოს დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი 19 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი OGP-ის თავმჯდომარეობას, ერთი წლით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადაიბარებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად ხდება 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე. გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის ორმხრივი შეხვედრები. 18 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუკსა და ეუთოს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს შეხვდება, ასევე, გაიმართება საქართველოს შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან, მოლდავეთის პრემიერ-მინისტრთან, პაველ ფილიპთან, უზბეკეთის პრეზიდენტთან, შავკატ მირზოევსა და ავღანეთის პრეზიდენტთან, მოჰამედ აშრაფ ღანისთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას – “გაეროს რეფორმები”, ასევე, მონაწილეობას მიიღებს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში ინოვაციური დაფინანსების განმტკიცების თემაზე დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრის გახსნით სესიაში. იგეგმება საქართველოს მთავრობის მეთაურის დასწრება მაღალი დონის შეხვედრაზე თემაზე – ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმები, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, ბორის ჯონსონისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბერტ კოენდერსის თანათავმჯდომარეობით გაიმართება. გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს “ბლუმბერგის” გლობალური ბიზნესფორუმის ფარგლებში მაიკლ ბლუმბერგის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებშიც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევ, მიწვეულია ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით, გაეროში დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები