საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა: ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არაღიარებული უწყების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი არის არალეგიტიმური

საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატა ბერლინში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატაში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არაღიარებული უწყების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი არალეგიტიმურია.
„გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას ბერლინში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ. პირველ რიგში, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, იმ საზღვრებში, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობისა და ორგანიზაციების მიერ და მისი ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციით, კანონის შესაბამისად, მოქმედებს მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. კანონით, სწორედ ჩვენი პალატის შემადგენლობაში შედის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე განთავსებულია თბილისში. შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არაღიარებული უწყების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი არის არალეგიტიმური“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გერმანელი პარტნიორები აღიარებენ და პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„სრულად  ვიზიარებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ამ საკითხზე და ვადასტურებთ, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გერმანელი პარტნიორები აღიარებენ და პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ კერძო პირების ინიციატივა იყო. ასევე, გვინდა დავამატოთ, რომ ე.წ. „აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, რომ ისინი არიან პალატების სხვადასხვა საერთაშორისო გაერთიანებების წევრები. მოგახსენებთ, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ის გაერთიანებები, რომლებიც მოხსენიებულნი არიან მათ ვებგვერდზე, უარს ამბობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ არალეგიტიმურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები