„უკანასკნელი ფურცელი – იური დოიჩისა და კატია კრაუსოვას ფოტოგრაფიული მოგზაურობა“

25 სექტემბერს, 18:00 საათზე,   შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა: „უკანასკნელი ფურცელი – იური დოიჩისა და კატია კრაუსოვას ფოტოგრაფიული მოგზაურობა“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ გამოფენის ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება.
ფოტოგრაფი იური დოიჩი და დოკუმენტური ფილმის გადამღები ჯგუფი აღმოსავლეთ სლოვაკეთში, მიტოვებულ სკოლაში ინტუიციის წყალობით აღმოჩნდნენ. აქ დრო 1942 წლის ერთ დღეს გაჩერდა, როცა ყველა მოსწავლე საკონცენტრაციო ბანაკებში წაიყვანეს. იქ ჯერაც შემორჩენილია მათი სახელმძღვანელოები, გასწორებული საშინაო დავალების რვეულები და ნიშნების ფურცლები, კარადაში შაქარიც კი დევს… მტვრიან თაროებზე შემორჩენილი ეს დაფერფლილი წიგნები – ერთ დროს აყვავებული კულტურის გადმონაშთები – იური დოიჩისთვის გადარჩენილი ინდივიდებია. საოცრად მეტყველია მის მიერ შექმნილი თითოეული წიგნის, მათი ნატიფი სილამაზის ამსახველი პორტრეტი.
აღნიშნული გამოფენა ფართომასშტაბიანი პროექტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მაყურებლის წინაშე პირველად ბრატისლავაში, სლოვაკეთის ეროვნულ მუზეუმში წარდგა, შემდეგ – პრაღასა და კემბრიჯში და იმთავითვე დიდი აღიარება ხვდა წილად.
2011 წელს პროექტი შეერთებულ შტატებსა და კანადაში ჩავიდა. ჯერ იყო გამოფენა ნიუ-იორკში, შემდეგ ინდიანას შტატის ქალაქ ბლუმინგტონსა და ოტავაში. ტურნე გაგრძელდა ევროპაშიც. „უკანასკნელი ფურცელი“ ბრიუსელში ევროკომისიის შენობასა და პიერ ბერჟეს ფონდში, ასევე კოშიცეში – 2013 წლის ევროპის კულტურის დედაქალაქში გამოიფინა. ექსპოზიცია შედგა რომშიც, იტალიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხოლო 2014 წელს – ვენის ხელოვნების აკადემიაში.
2015 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და აუშვიცის გათავისუფლების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა უკანასკნელი ფურცელი ლატვიაში, მარკ როტკოს ხელოვნების ცენტრში, ნიუ-იორკში გაეროს შენობაში, ბერლინში გერმანიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ბოსტონში ტაფტის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეაში, მოსკოვის ებრაულ მუზეუმსა და ტოლერანტობის ცენტრში გაიმართა.
ვაშინგტონის ვუდრო ვილსონის ცენტრის შემდეგ ექსპოზიციამ 2016 წელს სან-პაულუში, იერუსალიმსა და კანადაში იმოგზაურა. კანადაში მას ჰამილტონის სამხატვრო გალერეამ უმასპინძლა. 2017 წლის დასაწყისში ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში „უკანასკნელი ფურცელი” 50 დღის განმავლობაში ორმოცდაჩვიდმეტი ათასზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა.
მიმდინარე გამოფენის რამდენიმე ნამუშევარი უკვე კონგრესის ბიბლიოთეკის მუდმივი კოლექციის ნაწილია.
მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ. 1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები