მიხეილ ჯანელიძე: პოლოლიკაშვილს დახმარებით, საქართველოს საერთაშორისო დონეზე ახალი შესაძლებლობები მიეცემა

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი  მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი დახმარებით, საქართველოს საერთაშორისო დონეზე ახალი შესაძლებლობები მიეცემა.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჩინეთიდან პირდაპირი ჩართვისას მინისტრმა, ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევა საერთაშორისო დონეზე საქართველოს აღიარებად და ისტორიულ მოვლენად შეაფასა. მისი თქმით, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტად საქართველოს წარმომადგენლის არჩევა საქართველოს საერთაშორისო დონეზე დიდი აღიარებაა და ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.

„ეს არის აღიარება საქართველოს როლის არა მარტო ტურიზმის მიმართულებით, არამედ საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა ორგანიზაციის მრავალმხრივ ფორმატებში. ზურაბ პოლოლიკაშვილის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მოხდა სრული კონსენსუსით, ასამბლეის მონაწილეების მხრიდან ერთხმად. ტურიზმის მიმართულება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს. საქართველოში ბევრი ოჯახის ძირითად შემოსავლის წყარო სწორედ ტურიზმია. დღევანდელი წარმატებით კი საქართველომ კიდევ უფრო მეტი ცნობადობა და საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვა. შესაბამისად, პოლოლიკაშვილის მონაწილეობით კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ ტურისტულ ინდუსტრიას და გლობალურ ტურისტულ ინდუსტრიასთანაც მეტი ინტეგრაცია მოხდება“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თქმით, ზურაბ პოლოლიკაშვილს ტურიზმის სექტორში დიდი გამოცდილება აქვს და წლების მანძილზე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს წარმოადგენდა.

„ეს არის მისი საქმიანობის ძალიან მაღალი შეფასება. ამ წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მთავრობას. პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, საქართველოს საელჩოებს და დიპლომატიურ კორპუსს. ჩინეთში მიმდინარე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის დროს შეხვედრები გაიმართა რამდენიმე დელეგაციის ხელმძღვანელთან. ასევე მასპინძლებთან. ჩვენ ჩინეთთან ვაძლიერებთ ორმხრივ სავაჭრო – ეკონომიკურ ტურისტულ საკითხებს. საქართველოს კანდიდატურის არჩევის პროცესში ასამბლეაზე დიდი მხარდაჭერა გვქონდა ჩინეთის მთავრობის მხრიდან. ეს ფაქტიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთის ბაზარზეც ავიმაღლეთ ცნობადობა, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ ტურისტს და ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში იმართება. გენერალური მდივნის პოსტზე დამტკიცების შემდგომ, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. UNWTO-ს გენერალური მდივნის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცების პროცედურას ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები