გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბორდოში გამოფენას – ”საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ ოფიციალურად გახსნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში გამოფენას – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ გახსნის.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირიკაშვილი ბორდოში მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გაემგზავრა.

მათი ცნობით, საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა – მეღვინეობის გამოფენათა ციკლს ხსნის და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელია. Cité des Civilisations Du Vin 14 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და დამთვალიერებელს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით ღვინის ცივილიზაციის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს.

”ქართული გამოფენის ფარგლებში, „იუნესკოს“ მიერ „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის“ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებასთან დაკავშირებით, ღვინის ცივილიზაციის ცენტრის ცენტრალურ შესასვლელში, სპეციალურად ამ გამოფენისთვის დამზადებული დიდი ზომის ქვევრი განთავსდება, რომელიც მუდმივ ექსპოზიციაში დარჩება.

გარდა ამისა, გამოფენისთვის, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა ექსპოზიცია, რომელიც ცენტრში ქართული ღვინის კულტურას წარმოაჩენს. გამოფენა ქართული მეღვინეობის უდიდეს და უწყვეტ 8 000-წლიან ისტორიას ასახავს.

უკვე მეცნიერულად დადასტურებულია, რომ საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს, არსებობს მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია და საქართველოში აღმოჩენილი ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი ძვ.წ. VI-V ათასწლეულებს განეკუთვნება;

7 ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა, 3-წლიანი კვლევის შედეგად დაადასტურეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტი, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი, ბიოქიმიკოსი და ღვინის ისტორიკოსი პატრიკ მაკგოვერნი ხელმძღვანელობდა, დასრულდა. სამეცნიერო ჯგუფი, სამწლიანი კვლევის შედეგებს 10-11 ოქტომბერს ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, ქართული ღვინის გამოფენის ფარგლებში წარადგენს. მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა 3 წლის განმავლობაში ზედმიწევნით შეისწავლეს სხვადასხვა დროს მოპოვებული მდიდარი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის, ყურძნის უძველესი წიპწები, თიხასა და თიხის ჭურჭელზე დანალექი მჟავა, რომელიც, საბოლოოდ, ღვინო აღმოჩნდა.

ქართული გამოფენის ფარგლებში ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში წარმოდგენილია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა”, – აცხდებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

მათივე განმარტებით, ქართულ საგამოფენო სივრცეში, 3-თვიანი გამოფენის მანძილზე, მუდმივად ტარდება სხვადასხვა ღონისძიება – სამეცნიერო კონფერენციები, პრეზენტაციები, ღვინის პროფესიული დეგუსტაცია, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები უძღვებიან. ასევე, რამდენჯერმე გაიმართა სპეციალურად გამოფენისადმი მიძღვნილი კულტურული და თემატური ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ გამოფენას, მხოლოდ პირველი კვირის განმავლობაში, 4 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობდა.

მსოფლიო ღვინის დედაქალაქ ბორდოში, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს, ქართული ღვინის გამოფენა – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები