“პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მრავალი პრობლემაა, გარკვეულ ტერიტორიებზე პოლიკლინიკები არ არსებობს”

საკრებულოს დამოუკიდებელი კანდიდატი გულიკო ზუმბაძე პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე, რამდენიმე დასახლებას: ნასაგურს, დიდ ლილოს, ვარკეთილის მეურნეობას, წინუბანს, ორხევს და კიდევ რამდენიმე დასახლებას და იქ მაცხოვრებელ მოსახლეობას არ აქვს წვდომა პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე. გულიკო ზუმბაძის თქმით, ამის მიზეზი, ამ ტერიტორიებზე პოლიკლინიკების არ არსებობაა.

საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის ხელმძღვანელის თქმით, ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, მათ არაერთხელ მიმართეს როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე დედაქალაქის მერიას. თუმცა, გულიკო ზუმბაძის მტკიცებით, ამ დრომდე რეაგირება არ ყოფილა. მისივე განცხადებით, ეს პრობლემა 2014 წლიდან არსებობს.

გულიკო ზუმბაძე მოითხოვს, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლით დაკომპლექტდება. ასევე, გულიკო ზუმბაძე მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიას, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში აღწერონ და შეისწავლონ ის ობიექტები, სადაც პირველადი ჯანდაცვის მომსახურების სერვისის უზრუნველყოფის განხორციელება შეუძლებელია.

დამოუკიდებელი კანდიდატის მოთხოვნაა ისიც, რომ სამედიცინო მომსახურებისთვის განკუთვნილი ობიექტების რეაბილიტაციისთვის გამოაცხადონ ინტერესთა გამოხატვა და ამ დოკუმენტში, პირველადი ჯანდაცვის მომსახურების სერვისის განვითარება აისახოს უვადოდ.

გულიკო ზუმბაძის განმარტებით, დედაქალაქის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო სამუშაო ჯგუფის შექმნას მიესალმებიან. თუმცა, მისივე განცხადებით, უწყებების მხრიდან, პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები