“საქართველოში 240 პარტიაა და 150 კაციანი სიიდან ნახევარი ქალი რომ იყოს, ბავშვებს ვინ გაზრდის”

საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი პოლიტიკური პარტიებისთვის ქალთა კვოტირების საკითხს გამოეხმაურა.
როგორც მან მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ქალთა კვოტირების თაობაზე არანაირი ვალდებულება არ უნდა იყოს, რადგან საქართველოში ქალბატონები შეზღუდულები არ არიან, რომ პოლიტიკაში მოვიდნენ.

„ქალბატონები აკეთებთ იმას, რაც გინდათ. გინდათ, პოლიტიკაში წასვლა, წახვალთ და წინ არავინ არ გეღობებათ. დამოკიდებულება რომ გინდა თუ არა პარტიაში 50 პროცენტი ქალი უნდა გყავდეს, ასე არ უნდა იყოს. პრინციპულად ვეთანხმები იმას, რომ ქალებს თავისუფლება ჰქონდეთ და პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ეს დაძალება არ უნდა იყოს. ჩვენს პარტიას სურს, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერი იყოს, არჩევნებზე მისვლა სავალდებულო გახდეს და თურმე, ეს იმის გამო არ შეიძლება, რომ ეს დაძალებაა. შესაძლებელია, რომ ზარმაცი ადამიანი იძულებით გამოიყვანო, რათა არჩევნების გაყალბება არ მოხდეს, მაგრამ ეს არ შეიძლება და ის შეიძლება, რომ პარტიაში ქალი იძულებით მოგაყვანინონ? – საქართველოში 240 პარტიაა და პარტიის სია 150 ადამიანით დაკომპლექტებული რომ იყოს, სადაც ნახევარი ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის? არიან ქალები, რომლებიც ბავშვებს ზრდიან და ოჯახს უფრო უვლიან, მაგრამ არიან ქალები, რომელთაც პოლიტიკაში ყოფნა ურჩევნიათ. მათთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და იძულება რატომ ხდება, ეს ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა კვიციანმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტმა ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა, რომლის გათვალისწინებით, ადგილობრივი და თვითმმართველობის არჩევნებში, პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს უნდა დაევალოთ, სქესთა ბალანსი ისე დაიცვან, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად სიას უბრუნებს, ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები