გიორგი სავანელი: „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ – ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც მეოთხე წელია იმართება

12 სექტემბერს, პროექტის „…დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“- ყოველწლიური საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ილია ჭავჭავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება 13:00 საათზე, თბილისში, სიონის საკათედრო ტაძრიდან სიმბოლურად გაიხსნება. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები და ორგანიზაციები. მათ შორის, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“.
ღონისძიების შესახებ „ილია ჭავჭავაძის” საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელმა გიორგი სავანელმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა.
„ღონისძიებას დაასრულებს „საუკუნის მკვლელობა“ – საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ღია სცენაზე წარმოდგენილი იქნება ახალი დრამატურგიული ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
ღონისძიების ყველა ეტაპზე, მსურველთათვის დასწრება თავისუფალი იქნება. დამსწრე საზოგადოება მოისმენს პროექტის წარმდგენის მიმართვას.
საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ეროვნული ფენომენის არსებობა, რომელმაც მრავალი ავბედითი დრო გამოიარა და ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი იდენტობა, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია საქართველოს ისტორიაში ისეთი პიროვნებების მოღვაწეობით, რომლებმაც პიროვნული კეთილდღეობა სახელმწიფოს, სამშობლოს და ერის ინტერესებს ანაცვალეს. ეს სიტყვები, პირუთვნელად, ილია ჭავჭავაძეზეა, რომლის სახელის, იდეების და მიზნების უკვდავსაყოფად გვინდა განვახორციელოთ აღნიშნული ღონისძიება – 12 სექტემბერს. ილიას საჯაროდ ხსენება სწორედაც რომ გვინდა ტრადიციად იქცეს ქართულ საზოგადოებაში, როგორც ეროვნული და მოქალაქეობრივი პოზიციისა თუ მოვალეობის გამოხატულება.
წელს ორმაგად პრიორიტეტულია ამ აქტივობის განხორციელება, რადგან 2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია – მისი დაბადებიდან სრულდება 180, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი. მით უფრო, იმ პირობებში, როცა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის განმავლობაში ილია ჭავჭავაძის საიუბილეო თარიღები არც 1997 და არც 2007 წელს ნომინალურადაც კი არ აღნიშნულა, წლევანდელ წელს საიუბილეო წლის სათანადო დატვირთვით აღნიშვნა პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია. სოციალური პასუხისმგებლობა: ჩვენი ინიციატივით, სოციალური პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრება  ფრეზეთის, წეროვანის, კარალეთის და შაუმიანის დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები შიდა ქართლიდან დევნილი 180-200 მოსწავლე, რომელიც ჩაერთვება ღონისძიებაში და დაესწრება ყველა აქტივობას”,- განაცხადა გიორგი სავანელმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები