გიორგი კვირიკაშვილი: ამ 5 წლის განმავლობაში, გურიაში 130 კმ გზის საფარი დაიგო

“ამ 5 წლის განმავლობაში, გურიაში 130 კმ გზის საფარი დაიგო. მოწესრიგდა ქალაქების ქუჩებისა და სოფლებთან დამაკავშირებელი გზების დიდი ნაწილი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში განაცხადა, სადაც მერობის კანდიდატები წარადგინა. მისივე თქმით, აღდგა და აშენდა ხიდები, მათ შორის, მერია-ლაითურის 150 მეტრი სიგრძის ხიდი. ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში განხორციელდა წყალმომარაგების ქსელისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოები. „დაწყებულია სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც იქნება ახალი, კომფორტული და უსაფრთხო ევროსტანდარტის გზა.
ეს გზა უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტად დატვირთული, საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გამტარუნარიანობას, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას. ასევე, იგეგმება გრიგოლეთი–ფოთისა და გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთების მშენებლობა, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, სატრანსპორტო ნაკადმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრაოს, როგორც ფოთის გავლით, ისე პირდაპირ გრიგოლეთი–ქობულეთის მიმართულებით. მეგობრებო, გურიაში, ამ ულამაზეს მიწაზე, ბევრი ბუნებრივი სიმდიდრეა – მთის კურორტებიც არის და ზღვისაც. როდესაც მსოფლიოში ისეთი უნიკალური კურორტები გვაქვს, როგორიცაა ბახმარო და ურეკი, ჩვენ ბოლომდე უნდა ავითვისოთ ეს სიმდიდრე და ხალხისთვის შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. უკვე დავამტკიცეთ ბახმაროს განაშენიანებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. გასულ წელს, პირველად ისტორიაში, ბახმარომ, როგორც ზამთრის კურორტმა, უმასპინძლა ტურისტებს. გერმანელმა ინვესტორებმა კურორტზე ზამთრისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყვეს. ასევე, იგეგმება სასტუმროს აშენება, რაც 4-ჯერ გაზრდის ზამთრის სეზონზე ტურისტების რაოდენობას. უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა სამთო კურორტი გომისმთა. კურორტ გომისმთაზე შენდება წყალმომარაგების სისტემა და იგეგმება კურორტის სრული ელექტრიფიკაცია. როდესაც იქ იქნება წყალი და დენი და ასევე, დაიგება გზა, ეს შექმნის პირობას, რომ დამსვენებლებისა და ტურისტებისთვის გახდეს მიმზიდველი ადგილი. დარწმუნებული ვარ, გომისმთაც მალე გახდება დამსვენებლებისთვის ერთ-ერთი საყვარელი და კომფორტული ადგილი.
მეგობრებო! ყველამ იცით, რომ სულ ახლახან, შეკვეთილში გაიხსნა უნიკალური საკონცერტო დარბაზი, 300-მდე მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. დღეს ეს დარბაზი სრული დატვირთვით მუშაობს და მსოფლიო ვარსკვლავებს მასპინძლობს. აქ ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა „ჩეკინ ჯორჯიას“ ფარგლებში გამართული არაჩვეულებრივი ღონისძიებები ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. შეკვეთილში ასეთი დარბაზის აშენება ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო, რომ რეგიონის განვითარებისათვის შეეწყო ხელი. ეს დარბაზი სწორედ ბატონი ბიძინას ინიციატივით გადაეცა სახელმწიფოს, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის საჩუქარი ამ რეგიონისთვის, გურიისა და გურულებისთვის. იცით, რომ ამ მასშტაბის კონცერტებს თან ახლავს ათასობით მაყურებელი, რომელსაც სათანადო ინფრასტრუქტურა სჭირდება. ასევე, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, აშენდა შეკვეთილში თანამედროვე დიზაინის სარკინიგზო ბაქანი, მოეწყო მუსიკოსების სკვერი, რაც უნიკალურია ჩვენი ქვეყნისთვის. შეკვეთილში აშენდა ისეთი შადრევანი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. აშენდა პარკი, რომელშიც მინიატურების სახით არის წარმოდგენილი ქართული კულტურისა და ისტორიის ძეგლები. 5-ვარსკვლავიანმა სასტუმრომ, რომელიც ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით, თანაინვესტირების ფონდმა ააშენა, უკვე დაიწყო სატესტო რეჟიმში მუშაობა. ამ პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ასევე, შეკვეთილში განხორციელდა ჩეხურ-სლოვაკური პროექტი, რომელიც სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის ბინებს აერთიანებს. უკანასკნელ სამ წელიწადში, გურიაში გაიხსნა 26 სასტუმრო და ორ წელიწადში, მათ კიდევ 35 ახალი სასტუმრო შეემატება.
ასეთი სასტუმროები და ტურისტული ადგილები, რა თქმა უნდა, როგორც ქართველი მნახველების, ისე ტურისტების დაინტერესებას იწვევს და ზრდის მათ რაოდენობას, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. საბოლოოდ, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ გურიის მოსახლეობას, კერძო სექტორს მიეცეს საკუთარი ბიზნესის წამოწყების, გაფართოებისა და დამატებითი შემოსავლის მიღების რეალური შესაძლებლობა. მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ხალხს აქვს ჩვენი რწმენა, ხედავს ძალას, რომელიც გააჩნია ,,ქართულ ოცნება -დემოკრატიულ საქართველოს“ და თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ აუცილებლად ერთად მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას, თითოეული თქვენგანის გამარჯვებას და თითოეულ ოჯახში კეთილდღეობას“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები