გიორგი კვირიკაშვილი: გურულებთან სტუმრობა და თანაც პოლიტიკაზე საუბარი არ არის მარტივი

“გურულებთან სტუმრობა და თანაც პოლიტიკაზე საუბარი არ არის მარტივი. თქვენ ძალიან კარგად იცით სწორი არჩევანის გაკეთება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში მერობის კანდიდატების წარდგენამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმ- მინისტრმა გასული ოთხი წლის მანძილზე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. „გურულებთან სტუმრობა და თანაც პოლიტიკაზე საუბარი არ არის მარტივი. თქვენ ძალიან კარგად იცით სწორი არჩევანის გაკეთება. 2012 წლიდან მოყოლებული, ეს არის მეხუთე არჩევნები და წინა ოთხ არჩევნებში გაიმარჯვა ,,ქართულმა ოცნებამ“. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ გურულებს, კიდევ ერთხელ, აუცილებლად მოუწევთ ჩვენთან ერთად, ყველას ერთად, გაერთიანება. ჩვენ ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დავაყენეთ და მივდივართ იმ გზით, რომელიც ჩვენი მომავალი თაობების, თითოეული ჩვენი ოჯახის, თითოეული აქ მყოფი ადამიანის კეთილდღეობას განაპირობებს. აუცილებლად, კიდევ ერთხელ გავერთიანდებით და ამ გზას დავუჭერთ მხარს. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძელით ყველაზე მთავარი – მშვიდობის შენარჩუნება და ადამიანზე ზრუნვა. ამ ოთხ წელიწადში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით, ადამიანებს აღარ ეშინიათ, რომ უსახსრობის გამო, ვერ შეძლებენ სამედიცინო მომსახურების მიღებას. თითოეული ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე არის ყველაზე ძვირფასი ჩვენთვის. ჩვენი ბავშვებისთვის მოწესრიგდა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა – აშენდა და რეაბილიტირდა საბავშვო ბაღები და სკოლები. ეს პროცესი, ახლაც აქტიურად მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს. გურიაში, სახელმწიფოს მხრიდან, საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობით, ყოველწლიურად სარგებლობდა 50 ათასამდე გლეხი და ფერმერი, რომლებმაც ჯამში, თითქმის 20 მილიონი ლარის სარგებელი მიიღეს. ამ პროგრამების შედეგად, გავააქტიურეთ დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო მიწები და აქტივად ვაქციეთ ის. ამას გარდა, დღევანდელი მდგომარეობით, გაცემულია 11 მილიონ ლარზე მეტი სესხი, რაც მოხმარდა მესაქონლეობის, მეფუტკრეობისა და მებაღეობის დარგების ხელშეწყობას. ასევე მნიშვნელოვანია მიკროგრანტების პროგრამა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა ყოფა ჩვენს სოფლად მცხოვრებ ადამიანებს. პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ ფარგლებში, დამტკიცდა 20 პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს 100-ზე მეტ ჰექტარზე თხილის, ლურჯი მოცვის, კაკლისა და ვაშლის გაშენებას. ძალას იკრებს ასევე, ჩაის კულტურის რეაბილიტაციის პროგრამა, რომლისთვისაც ამჟამად 300 ათასზე მეტი ლარია გაცემული. ჩოხატაურსა და ოზურგეთში, გაიხსნა 7 ახალი საწარმო, გაფართოვდა ხილის გადამამუშავებელი 2 საწარმო და გადაიარაღდა 10 არსებული საწარმო. პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ოზურგეთში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სავაჭრო ნიშნების შემოსვლას ითვალისწინებს. ეს არის: ზარა, მანგო, მასიმო დუტი და სხვა მსოფლიოში ცნობილი ბრენდები. საწარმოში დასაქმდება 300-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები. პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა 180-მდე პროექტი, რომლითაც 300-მდე მეწარმემ ისარგებლა“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები