სუიციდის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საჯარო დისკუსია გაიმართება
ყოველი წლის 10 სექტემბერს, მსოფლიოში სუიციდის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2017 წლის 10 სექტემბრის დევიზია: ,,დაიჭირე წამი, შეცვალე ცხოვრება’’. ამ დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია ,,ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის’’ დღეს, 19:00 საათზე, „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ მართავს საჯარო დისკუსიას შემდეგ თემებზე: ზოგადი ფაქტები სუიციდზე, მითები და რეალობა; სუიციდის პრევენციის ეფექტური მექანიზმები; საქართველოს მედიასივრცეში სუიციდის თემის გაშუქების პრობლემები.
ღონისძიებაზე მოდერატორები იქნებიან ეკა ჭყონია – ფსიქიატრი, ,,ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის’’ თავმჯდომარე და გიორგი დონაძე – ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, წელიწადში დაახლოებით 800 ათასი ადამიანი იღუპება სუიციდის შედეგად, რომელთა დიდი ნაწილიც 15-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია. სტატისტიკის მიხედვით, სუიციდის შემთხვევათა 75% მცირე და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ხდება.
სწორედ ამიტომ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაცია ქვეყნებისადმი ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაა. „საქართველოს, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი ქვეყნის პასუხისმგებლობაა, შევამციროთ სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობა, ვიყოთ მათ გვერდით, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება“, -აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.