ალექსანდრე ჯეჯელავა: მე, რომ სკოლის დირექტორი ვყოფილიყავი, ორ თემას მივაქცევდი ყურადღებას

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, 9-10 სექტემბერს საჯარო სკოლის დირექტორებისთვის „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ იმართება. კონფერენციის მიზანი სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ და აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა.
კონფერენციაში 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და 50-ზე მეტი განათლების სპეციალისტი, საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. აღნიშნული ღონისძიება განათლების სპეციალისტებს აძლევს შესაძლებლობას, ერთმანეთს სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარონ და განათლების მართვის სფეროში არსებული ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელონ.
სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციის მონაწილეები გამართავენ დისკუსიას შემდეგ თემებზე: სკოლის დირექტორის როლი მოსწავლეზე ორიენტირებული სისტემის შექმნაში; 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები და გამოწვევები; სკოლის ეფექტური და ეფექტიანი მართვა; სასკოლო სერვისების განვითარება; სკოლაში ინოვაციების დანერგვა და პროფესიული განვითარების მრავალფეროვნების მნიშვნელობა. მონაწილეები, ბრიტანეთიდან და აშშ-დან მოწვეულ მომხსენებლებთან ერთად, იმსჯელებენ სკოლის ლიდერის როლზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაძლიერებაში, სკოლის განვითარებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრასა და რესურსების განაწილებაზე. კონფერენციაზე მოწვეული საჯარო სკოლების დირექტორები სკოლაში ხარისხის მართვისა და სასწავლო პროცესის ლიდერობის საკითხებსაც განიხილავენ.
„მე რომ სკოლის დირექტორი ვყოფილიყავი, პირველ რიგში, ორ თემას მივაქცევდი ყურადღებას: მშობლების ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში და პედაგოგიური კოლექტივის მოტივაციის ამაღლებას. მჯერა, რომ სკოლის მართვისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ეს აუცილებელი წინაპირობაა. სკოლამ უნდა შექმნას ისეთი გარემო, სადაც წახალისებული იქნება თანამშრომლობა და არა კონკურენცია“, – განაცხადა განათებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.
სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ზოგადი განათლების „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში ხორციელდება.
ლიდერობის აკადემია2016 წლის აგვისტოდან დაიწყო, ის, 2018 წლამდე, საჯარო სკოლების დირექტორებს პროფესიული განვითარების გრძელვადიან კურსს სთავაზობს. ლიდერობის აკადემიის პირველი ეტაპი 1700-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა გაიარა. ლიდერობის აკადემიის ფარგლებში, ყველა საჯარო სკოლის დირექტორთა გადამზადებაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები