საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგი კომპოზიტორი – მიშელ სონი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

ფრანგი მუსიკოსის, პროფესორის და ლიტვის სახელმწიფოს საპატიო კონსულის, მიშელ სონის დაჯილდოების ცერემონია დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. როგორც “კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ცნობილ კომპოზიტორს ღირსების ორდენი თავად პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადასცა. მიშელ სონი ღირსების ორდენით საქართველოში ახალგაზრდა ქართველი პიანისტების პროფესიული განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა.
“ჩემთვის დიდი პატივია ეს ჯილდო, რადგან მე ძალიან მიყვარს საქართველო. ეს ქვეყანა 20 წლის წინ აღმოვაჩინე და ყველაფერი გავაკეთე, რომ ქართველი ხელოვანები და საქართველო გამეცნო ევროპისთვის. ხელი შევუწყვე ახალგაზრდა მუსიკოსებს განვითარებაში. მე დღეს, ჩემი ფონდის – „სოს ტალანტის” დახმარებით, ვაგრძელებ იმავე საქმიანობას. ძალიან სასიამოვნოა, ასეთი ლამაზი და ორიგინალური კულტურის ქვეყანას ხელი შევუწყოთ, ჩემთვის დიდი პატივია და ამაყი ვარ იმ საქმიანობით, რასაც ვაკეთებ საქართველოსთვის”, – განაცხადა დაჯილდოების შემდეგ მიშელ სონმა.
პრეზიდენტის სასახლეში დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ესწრებოდნენ.
ფრანგი კომპოზიტორი თბილისს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, სპეციალურად, ქართველი პიანისტებისთვის მასტერკლასების ჩასატარებლად ეწვია. იგი, უკვე 20 წელია, აქტიურად ახორციელებს ქართველი პიანისტების ხელშეწყობას, მისივე საერთაშორისო ფონდის – SOS Talent Foundation მეშვეობით. ფონდის ლაურეატები სხვადასხვა დროს იყვნენ ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები, თამარ ბერაია, თედო დიაკონიძე, ანა გოგავა, გვანცა ქობალია, ბარბარე ჩხაიძე. წელს კი ანა ყიფიანი მიემგზავრება ინგლისში სწავლის გასაგრძელებლად, ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე კი საერთაშორისო სცნებზე და კონკურსებში საქართველოს სახელს ღირსეულად წარადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები