ალექსანდრე ჯეჯელავა: ახალ სასწავლო წელს სამინისტრო მოსწავლეებს ძალიან ბევრ სიახლეს სთავაზობს

“ახალ სასწავლო წელს განათლების სამინისტრო მოსწავლეებს ძალიან ბევრ სიახლეს სთავაზობს, მოეწყობა კამპანია ჯანსაღი ცხოვრების შესახებ”, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
ჯეჯელავას თქმით, მოსწავლეებს უკეთ გადამზადებული დირექტორები, საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები ეყოლებათ. 300 სკოლას კი რემონტი ჩაუტარდა და მოსწავლეებს სკოლის განახლებული შენობები დახვდებათ, რაც მათ მოტივაციაზე იმოქმედებს.
”პირველი და უმთავრესი სიახლე ის არის, რომ უფრო მეტად მოტივირებული მასწავლებელი ეყოლებათ – უფრო მეტი მასწავლებელი ზრუნავს თავისი კომპეტენციის ამაღლებაზე. წელს გამოცდებზე დარეგისტრირებულ მასწავლებელთა რაოდენობა 2-3-ჯერ გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამასთან, 11 000-ზე მეტი, დაბალკონტინგენტიანი სკოლების ბანაკში ნამყოფი ბავშვი დაუბრუნდება სკოლას და ეს მათი მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიახლეები იქნება სკოლის ბუფეტებშიც: მაღალშაქრიანი, მაღალმარილიანი პროდუქტები ბავშვებს აღარ დახვდებათ და ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით. ასევე, ყველა სკოლაში მნიშვნელოვნად გაიზრდება სპორტული აქტივობები, მარტო ფიზკულტურის გაკვეთილებს არ ვგულისხმობ. ამ გაკვეთილების გარეშეც ბევრი საინტერესო ინიციატივაა, ერთ-ერთი არის ის, რომ თბილისის რამდენიმე სკოლის მოსწავლეს კვირაში ერთხელ ვაშლი მიუვა სტუმრად. მოეწყობა კამპანია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ ვუბიძგოთ ჩვენს მოსწავლეებს”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები