თურქული ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრებმა, რომლებიც ხანძრის ქრობის სამუშაოებში მონაწილეობდნენ, საქართველო დატოვეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, დღეს დილით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, თურქული ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრებს დაემშვიდობა და ხანძრის ქრობის სამუშაოებში მნიშვნელოვანი როლის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, “ქართული ოცნების ” ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძეც იმყოფებოდა, რომელმაც ასევე მადლიერება გამოხატა.
“მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მადლიერება მეხანძრე-მაშველების, მეტყევეების, სპეციალური დანიშნულების ძალების, პილოტებისა თუ თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ შავნაბადას მთაზე ხანძრის ლიკვიდაციის ურთულეს სამუშაოებში. დღეს საქართველო დატოვა თურქული ვერტმფრენის ეკიპაჟმა. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მათ დახმარებისა და თანადგომისთვის”, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
ხულოში, შავნაბადას მთაზე, ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში, ქართული მხარის თხოვნით, თურქული ხანძარმქრობი ვერტმფრენი 5 სექტემბრიდან ჩაერთო. ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში, ქართულ ვერტმფრენთან ერთად, თურქული ვერტმფრენი 4 დღის მანძილზე მონაწილეობდა.
ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული მადლობა პილოტებს გადაუხადა, რომლებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაქსიმალურად დაიხარჯნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები