თურქეთის რესპუბლიკის რიგ გუბერნიებში სამუშაოებზე ქართველებისთვის მუშაობის ნებართვის მიღება გამარტივდა

თურქეთის რესპუბლიკის რიგ გუბერნიებში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი ქართველებისთვის მუშაობის ნებართვის მიღება გამარტივდა. ამის შესახებ ”კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, დოკუმენტის მისაღებად, სეზონურ სამუშაოებზე მომუშავე საქართველოს მოქალაქე უნდა შევიდეს თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო შრომის გენერალური დირექტორატის გვერდზე და ელექტრონულ ფორმატში შეავსოს განცხადება.
”ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად, 2017 წლის ივლისში, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ შემუშავდა და გამოიცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, პირველ ეტაპზე, ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს დაწესებულების ოლქში – სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპზონის, რიზესა და ართვინის გუბერნიებში, სეზონურ სამუშაოებზე (ჩაი და თხილი) დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, ერთი წლის განმავლობაში, 90 დღით არ ესაჭიროებათ მუშაობის ნებართვის მიღება.
აღნიშნული დოკუმენტის მისაღებად, სეზონურ სამუშაოებზე მომუშავე საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, შევიდეს თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო შრომის გენერალური დირექტორატის გვერდზე – https://yuminet.csgb.gov.tr/#/app/giris, რომელიც ფუნქციონირებს ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე და ელექტრონულ ფორმატში შეავსოს განცხადება, რომლის საფუძველზე, შემდგომში რაიონის გამგეობის მიერ მას მიეცემა „მუშაობის ნებართვისაგან გათავისუფლების დოკუმენტი“, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ზემოაღნიშნულ სეზონურ სამუშაოებზე (ჩაი-თხილი) დასაქმებულთა მიერ პროცედურების შესრულების შემთხვევაში, დაცული იქნება საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებები.
განცხადების შევსების წესები და პროცედურები ასევე განთავსებულია ტრაპზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://trabzon.con.mfa.gov.ge”, – განმარტავენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები