ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკის ელჩთან – რას ფიქრობს იან კელი ალექსანდრე ქართველიშვილზე

დღეს ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) იუბილეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკის ელჩთან, ალ. ქართველის საერთაშირისო საზოგადოების პრეზიდენტმა, ლელა ქართველიშვილმა ჩაწერა.
როგორც იან კელიმ აღნიშნა, ალექსანდრე ქართველი ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის ერთობლივი ნაწილია. მისივე თქმით, აშშ აქტიურად უჭერს მხარს ამ დარგების განვითარებას საქართველოში, რადგანაც ეს დარგები ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა თანამედროვე მსოფლიოში. ელჩის განმარტებით, ალ.ქართველის პოპულარიზაცია, დიდი ალბათობით, მომდინარეობს საქართველოს მისწრაფებიდან, გააძლიეროს საბუნებისმეტყველო და საინჟინრო სექტორი.
– როგორ შეაფასებდით ალექსანდრე ქართველის როლს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების განვითარებაში?

– მოგეხსენებათ, რომ ამერიკა ემიგრანტების შექმნილი ქვეყანაა, სადაც ადამიანთა უმრავლესობა “ამერიკული ოცნების” ახდენის იმედით ჩადის. ბოლო ორასი წლის განმავლობაში, ამერიკამ სხვადასხვა რელიგიისა და ეთნიკური წარმომავლობის მილიონობით ადამიანი მიიღო. ამერიკის პირველი მოსახლეები ევროპელები იყვნენ, ის ხალხი, ვინც რელიგიურ დევნას გამოექცა საკუთარ სამშობლოდან და ამერიკაში ახალი ცხოვრების დასაწყებად ჩავიდა. ემიგრანტებისა და უმცირესობაში მყოფი თემების სიძლიერისა და მისწრაფებების გაერთიანებამ შესაძლებელი გახადა, ამერიკა დასაწყისიდანვე ძლიერად წარმოჩენილიყო. ჩვენი მთავრობის, ბიზნესსაქმიანობის და სამხედრო ძალების წარმატებები, სწორედ ამ უნარებისა და ნიჭის ერთობლიობით მიღებული შედეგია.
ალექსანდრე ქართველი ამერიკაში 1927 წელს ჩამოვიდა, როცა ახალი საავიაციო ტექნოლოგიები ვითარდებოდა და რა თქმა უნდა, მისი ღვაწლი ამ სფეროში დიდი და დასაფასებელია. ალ.ქართველმა შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო საჰაერო ხომალდი, მათ შორის A-10 “Thunderbolt”, თვითმფრინავი, რომელსაც დღემდე იყენებს ამერიკის სამხედრო საჰაერო ფლოტი.

– როდის გახდა თქვენთვის ცნობილი, რომ ამ ხომალდების შემქმნელი ავიაკონსტრუქტორი ქართველი იყო?

– ალექსანდრე ქართველი რომ საქართველოდან იყო და ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის ერთობლივი ნაწილია, დიდი ხანია ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ფორმალური დიპლომატიური პარტნიორობა 1992 წლიდან დაიწყო, ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა მეტ ხანს ითვლის და ამ პარტნიორობის სიმბოლოდ ალ.ქართველის სახელის მოხმობაც საკმარისია. ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორობა სამომავლოდაც გაგრძელდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება, კანონის უზენაესობა, დემოკრატია და სამხედრო თანამშრომლობა.

– რა გზით შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს, ავიაციის განვითარებაში დაეხმაროს საქართველოს?

– თანამედროვე საავიაციო ინდუსტრია უაღრესად გლობალიზებულია. ნაწილების წარმოება და ტექნოლოგიების შექმნა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოს აქვს საავიაციო წარმოების ტრადიცია, რაზეც უნდა დაფუძნდეს დარგის შემდგომი განვითარება. ამისათვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული ინვესტირება განათლების სფეროში, განსაკუთრებით კი საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის (STEM) დარგებში ადამიანური კაპიტალის განვითარებისათვის, რაც, თავის მხრივ, ინოვაციების საწინდარია.
აშშ აქტიურად უჭერს მხარს ამ დარგების განვითარებას საქართველოში, რადგანაც ეს დარგები გახლავთ ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა თანამედროვე მსოფლიოში. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეშვეობით, ჩვენ ვახორციელებთ 140 მილიონი დოლარის ინვესტიციას განათლების სფეროში, რაც მოიცავს სკოლების გარემონტებას და უმაღლესი განათლების მხარდაჭერას, მათ შორის, საქართველოში სან დიეგოს უნივერსიტეტის ფილიალის ფუნქციონირებას, რომელსაც აქვს (STEM) საგნებზე ორიენტირებული პროგრამა. შეიძლება მომავალი ალექსანდრე ქართველი სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შორისაა.
თუმცა, იმედი გვაქვს, ალექსანდრე ქართველისგან განსხვავებით, რომელიც იძულებული გახდა, სამშობლოდან საბჭოთა რეჟიმის დამყარების გამო გაქცეულიყო, მომავალი თაობის ინოვატორებს ექნებათ პერსპექტივა თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში.

– ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილმა თვითმფრინავებმა დიდი როლი ითამაშა ნატოს საჰაერო ძალების აქტივობებში, როგორ ფიქრობთ, არ დადგა დრო, რომ ნატომ უფრო მეტი გააკეთოს ალ.ქართველის სამშობლოსათვის?

– ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსადმი არის მტკიცე, ურყევი და უდავო. საქართველოს ევროპული ინტეგრაციისაკენ გარდაუვალი სწრაფვა აქ ყველა დონეზე ბევრჯერ მიგრძვნია. აშშ-ის მთავრობა აგრძელებს და გააგრძელებს მომავალშიც საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას, ასობით მილიონ დოლარს გამოყოფს ყოველწლიურად ქართველი ხალხის დასახმარებლად. განვითარების ფონდები – USAID-ი, 1992 წლიდან მოყოლებული დღემდე, 1,5 მილიარდი დოლარით დაეხმარა საქართველოს და აგრძელებს დაახლოებით 50 მილიონი დოლარის გამოყოფას ყოველწლიურად, ამას ემატება დახმარება სხვა პარტნიორებისგანაც – ეს არის ნაწილი მიმდინარე ვალდებულებისა.

რაც შეეხება ნატოს, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ინტეგრაციის კუთხით და აქვს გაცილებით მჭიდრო ურთიერთობები ალიანსთან, ვიდრე სხვა რომელიმე პარტნიორ ქვეყანას. ჩემი რჩევა საქართველოსადმი იქნებოდა ამ კურსის შენარჩუნება.

– თქვენ, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები, ხედავთ, როგორ მიმდინარეობს ბოლო წლების განმავლობაში ალექსანდრე ქართველის პოპულარიზაცია. როგორ ფიქრობთ, მისი პოპულარობის ზრდა რა როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში?

– საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია. ალ.ქართველის პოპულარიზაცია, დიდი ალბათობით, მომდინარეობს საქართველოს მისწრაფებიდან, გააძლიეროს საბუნებისმეტყველო და საინჟინრო სექტორი. როდესაც მე ტექპარკებსა და ფაბლაბებს ვსტუმრობ, ვხედავ, რომ ეს ნამდვილად ხდება. ახალგაზრდები დღეს ისევე არიან დაინტერესებული საავიაციო და კოსმოსის კვლევებით, როგორც მე ვიყავი ახალგაზრდობაში. ეს კარგად გამოჩნდა ნასას ინჟინრის, ტრისია მაკის სტუმრობისას თბილისში, სექტემბერში. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ქართველი ახალგაზრდები თავად ქმნიან, აწყობენ და საფრენად უშვებენ (აჯიბრებენ) რადიომართვად ოთხხრახნიან საფრენ მოწყობილობებს. ეს, რა თქმა უნდა, იმედის მომცემია.

– მეცნიერების პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის განვითარებისათვის და იმედი მაქვს, რომ ალ.ქართველის მემკვიდრეობა ხელს შეუწყობს საქართველოს აღმასვლას მსოფლიო ტექნოლოგიურ არენაზე. როგორ შეიძლება გააღრმავოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობა ალექსანდრე ქართველის სახელმა?

– ალ.ქართველის სახელი და მემკვიდრეობა სიმბოლურად განასახიერებს ჩვენს ხანგრძლივ პარტნიორობას და მტკიცე გადაწყვეტილებას – მხარი დავუჭიროთ მეცნიერებას, ტექნოლოგიებს და ინოვაციებს საქართველოში. უპირველეს ყოვლისა, ალ.ქართველი ინოვატორი ინჟინერ-კონსტრუქტორი და სიახლეების გამოცდის სფეროში ძალიან უშიშარი იყო. ალ.ქართველი დაეხმარა ამერიკის ავიაციას და ამერიკამაც, მიუხედავად იმისა, რომ ათასობით მილით დაშორებული ქვეყნიდან იყო, მიიღო და შეითვისა იგი, თავის მხრივ კი, მან მიგვიღო და შეგვითვისა. ალექსანდრე ქართველის ამბავი არის შთაგონების წყარო და იმედი მაქვს, რომ მის მსგავსად, ბევრი ადამიანი აირჩევს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებს, რითიც გადაიყვანს ქართულ მეცნიერებას ახალ ერაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები