“საქართველოს აქვს კარიბჭის როლი, რომელსაც შეუძლია აღმოსავლეთის და დასავლეთის, ასევე, სამხრეთის და ჩრდილოეთის კორიდორებზე შეასრულოს პრინციპულად მნიშვნელოვანი ფუნქცია“

“ევროპა-აზიის ინტეგრირებული სატრანსპორტო კორიდორი“- ამ სახელწოდების რიგით მეორე მაღალი დონის, საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენცია უკრაინის ქალაქ ოდესაში გაიმართა. ქართულ დელეგაციას უკრაინაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი ევროპისა და აზიის მიმართულებით სატრანსპორტო კავშირების კონკურენტული უპირატესობების შექმნა იყო.
ღონისძიება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ გროისმანმა გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია გამოვიდა. გიორგი გახარიას განცხადებით, მაღალი დონის ფორუმის მსჯელობის ძირითადი თემა სატრანზიტო დერეფნები, კავშირი ქვეყნებსა და მათ ეკონომიკებს შორის იყო. ფორუმზე აგრეთვე ისაუბრეს იმ კორიდორზე, რომელიც ჩინეთის დიდ ბაზარს ევროკავშირის დიდ ბაზართან დააკავშირებს.
საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოსა და უკრაინასთან ერთად, რუმინეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, პოლონეთის, ლიტვის, ჩინეთის სამთავრობო დელეგაციებმა და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებმაც მიიღეს. ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან სამთავრობო დელეგაციის გარდა საქართველოს რკინიგზის, ბათუმის პორტისა და ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფორუმის ფარგლებში პრეზენტაცია „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელმა, მამუკა ბახტაძემ გამართა. ,,ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა.
ჩვენ აქ ვიმსჯელეთ საქართველოს როლზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ყველა მხარე ეთანხმება. საქართველოს აქვს კარიბჭის როლი, რომელსაც შეუძლია აღმოსავლეთის და დასავლეთის, ასევე, სამხრეთის და ჩრდილოეთის კორიდორებზე შეასრულოს პრინციპულად მნიშვნელოვანი ფუნქცია. ამიტომ ვართ ჩვენ ყოველთვის წარმოდგენილი მსგავს ფორუმებზე და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავაკონვერტიროთ ეს კონკრეტულ შედეგებში, ისეთ შედეგებში, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ა.შ‘’, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. კონფერენციის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომის თემები ევროპისა და აზიის ინტეგრირებული სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიზნით მონაწილე ქვეყნების სატრანსპორტო პოლიტიკის ჰარმონიზაცია და ევროპა-აზიის მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადების ფორმირება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები