უკრაინელმა მესაზღვრეებმა სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, “კრაკოვეცის” გამშვებ პუნქტზე კონტროლი გაამკაცრეს

პოლონეთი-უკრაინის საზღვრის „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე, რომლის გავლითაც 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, მავთულხლართები გააბეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, უკრაინის სასაზღვრო სამსახური ტურისტებს უხერხული ვითარების თავიდან აცილების მიზნით ურჩევს, რომ სხვა მარშრუტი აირჩიონ.
„შესაძლო უხერხული ვითარების თავიდან აცილების მიზნით, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გირჩევთ, რომ აირჩიოთ მოძრაობის სხვა მარშრუტი“, – ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „უკრაინსკია პრავდა“ ავრცელებს. ცნობილია ისიც, რომ გამშვებ პუნქტს შემოავლეს მავთულხლართები და გააძლიერეს მესაზღვრეთა მორიგეობა, რათა არ დაუშვან პროვოკაციები სასაზღვრო ზონაში, სადაც მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად მშვიდობიანი აქცია გაიმართება. უკრაინელმა მესაზღვრეებმა ადრე განაცხადეს, რომ არ აპირებენ სააკაშვილის შეშვებას უკრაინაში, რადგან პოლიტიკოსის უკრაინული პასპორტი უკვე ვადაგასულია.
შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ხოლო 5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მესამედ მიიღო თხოვნა საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან, სააკაშვილის დაპატიმრებისა და ექსტრადიციის თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები