აზიის ქვეყნებში „ქართული ღვინის ფესტივალი” გაიმართა

სინგაპურში და ჩინეთის ქალაქებში – შანხაიში და ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი” გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media”-ს მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი იყო.
„ქართული ღვინის ფესტივალს” ადგილობრივი ღვინის იმპორტიორები, მაგისტრები, მედიის, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც დებრა მეიბურგი აცხადებს, აზიის ამ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი სინგაპურში, სადაც ქართული ღვინის დეგუსტაცია-წარდგენა მსგავსი ფორმით პირველად მოეწყო, ფესტივალი წარმატებული აღმოჩნდა. მისი თქმით, სინგაპურელი იმპორტიორების უმრავლესობა უკვე დაინტერესდა ქართული ღვინით.
„ჰონგ-კონგში ხალხს გაგებული აქვს ქართული ღვინის შესახებ, მაგრამ მწარმოებლებისა და ღვინის კომპანიების წარმომადგენლების აქ ყოფნა ბაზარზე წარმატების მოპოვების საწინდარია. ეს ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, აგემოვნებენ ღვინოს და კომპეტენციას იღებენ მის მხარდასაჭერად. შანხაის ბაზარზე ქართულ ღვინოს დიდი წარმატება აქვს ამ რამდენიმე წლის მუშაობის შედეგად. აშკარაა, რომ ღვინის მიწოდება შეესაბამება ბაზარს, ჩემი აზრით, ქართული ღვინოების, მაგალითად საფერავის ცოცხალი გემო, ალკოჰოლი, ღვინის წარმოების განსაკუთრებული ტექნოლოგია, შესანიშნავად შეესაბამება ამ ბაზარს. მოუთმენლად ველოდები სიახლეებს ჩინეთში ახალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიმართულებით”, – აღნიშნა დებრა მეიბურგმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი სიხარულიძემ აღნიშნა, რომ ფესტივალის ფარგლებში გამართულმა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარებმა ადგილობრივ ღვინის პროფესიონალებზე დიდი შთაბეჭდილება მაოხდინა.
„დებრა მეიბურგის ორგანიზებით, ქართული ღვინის კომპანიებისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისთვის მოეწყო ვიზიტები ღვინის ბარებსა და მაღაზიებში, სადაც მოხდა მხარეებს შორის ინფორმაციისა და კონტაქტების გაცვლა. ამით, ქართული მხარისთვის ხელმისაწვდომი გახდა ადგილობრივი გაყიდვების ტენდენციები და ბაზრის მოთხოვნილებები, რაც საშუალებას იძლევა დაისახოს სწორი სტრატეგიული გეგმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე ქართული ღვინის რეალიზაციისთვის” – აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ.
სინგაპურში გამართულ დეგუსტაციაზე დებრა მეიბურგის მიერ წარდგენილი იყო 10 ქართული ღვინო და მისი შეხამება 5 ადგილობრივ საკვებთან, შანხაიში და ჰონგ-კონგში გაიმართულ ღონისძიებაზე დებრა მეიბურგმა ქართული ღვინის დეგუსტაცია და სემინარი ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები