„პოსტვ“ – ქართულ მედიაბაზარზე მულტიმედიური ინტერნეტპორტალი გამოჩნდა  

ქართულ მედიას კიდევ ერთი ინტერნეტპორტალი შეემატა, რომლის პრეზენტაციაც გუშინ გაიმართა. “პოსტვ“-ი – მულტიმედიური ინტერნეტპორტალი შეიქმნა „მაივიდეოს“ ბაზაზე, როგორც კომერციული ექსპერიმენტი.
„პოსტვ“ მაყურებელს რამდენიმე სახის კონტენტს სთავაზობს: ახალ ამბებს, ანალიტიკას, ეკონომიკას და გართობას.
„პოსტვ“ ინფორმაციას სოციალური ქსელით ავრცელებს, ინტერნეტპორტალის ვიდეოები ასევე იტვირთება „მაივიდეოს“ ვებგვერდზე.
17 ივლისიდან დღემდე ინტერნეტტელევიზიამ 10 მილიონ მნახველზე მეტი მოაგროვა.
როგორც ინტერნეტტელევიზიის ხელმძღვანელები აცხადებენ, ეს არის 21-ე საუკუნის მოთხოვნებს მორგებული მედიასაშუალება, რომელიც მაყურებელს ინფორმაციას იმ ფორმით აწვდის, რა ფორმითაც მას სურს რომ მიიღოს.
ინტერნეტტელევიზიას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ქმნიან – ლაშა ნაცვლიშვილი, ნუგზარ რუხაძე, ნიკა ლალიაშვილი, კობა დავითაშვილი, ვახო კომახიძე, შალვა რამიშვილი.

ლაშა ნაცვლიშვილი: ბევრი რამ მიკეთებია ცხოვრებაში, მაგრამ ასეთი ინტერესით არაფერი. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ფორმით, როგორც გვინდა, რომ ჩვენ გვაწვდიდნენ… გავართოთ ისე, როგორც გვინდა რომ ჩვენ გვართობდნენ. ჩვენ ვქმნით ისეთ მედიას, რომლის მომხმარებელიც ჩვენ თვითონ ვართ. გამოუტყდნენ ტრადიციულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტები საკუთარ თავს, მოიხმარენ თუ არა ისინი იმას, რასაც ქმნიან, ხშირ შემთხვევაში – არა. ჩვენ ვქმნით იმას, რასაც თავად მოვიხმართ.

ნუგზარ რუხაძე: ეს არის არამხოლოდ ტექნიკური სიახლე რომ ადამიანს შეუძლია ნახოს ამბავი იქ, სადაც უნდა, არამედ ინტელექტუალური და სულიერი სიახლეც არის. ეს ერთგვარი სიმშვიდის გარანტიაა, იმიტომ რომ ახალი ამბები სადაც მიდიხარ, ყველგან დაგდევს და ყველგან საქმის კურსში ხარ – ეს კი შეუძლია მხოლოდ ინტერნეტტელევიზიას.

შალვა რამიშვილი: როგორც ძველ რომში – მოვედით, ვნახეთ და ალბათ გავიმარჯვებთ. ინტერნეტი არის სწრაფი, მობილური, თითქმის ყველა ცოტა ხანში იქნება ინტერნეტში და ჩვენ ვიქნებით აქ პირველები იმიტომ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეიძლება უნდოდეს ადამიანს ინტერნეტში, ზრდილობის ფარგლებში რა თქმა უნდა, ამიტომ გავიმარჯვებთ.

თამთა ნიქაბაძე: კომპანია ITDC პროფესიონალი პროგრამისტების ჯგუფია, რომელიც 2011 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ქმნის წარმატებულ, მრავალფეროვან და მრავალ საინტერესო პროდუქტს ქართველი ინტერნეტმომხმარებლებისთვის. ერთ-ერთი მისი ყველაზე წარმატებული პროექტი გახლავთ „მაივიდეო“ – სადაც განთავსებულია საკმაოდ საინტერესო ვიდეო-კონტენტი. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდია ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა ქართულ ბაზარზე, „მაივიდეომ“ გადაწყვიტა შეექმნა თავისი ექსკლუზიური ვიდეოკონტენტი, ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორი გახლავთ „პოსტვ“, სადაც მუშაობენ ძალიან ნიჭიერი ადამიანები, ისინი ქმნიან და გვაწვდიან ძალიან საინტერესო ვიდეოკონტენტს.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები