საქსტატი: 2017 წლის პირველ ნახევარში, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ინვესტიციები რამდენიმე სექტორში შემცირდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ინვესტიციები რამდენიმე სექტორშია შემცირებული. საქსტატის მონაცემებით, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობაში 2017 წლის 6 თვეში 271.7 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, შარშან კი ეს მაჩვენებელი 389 მილიონ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, ინვესტიციების კლებამ 30% შეადგინა. ენერგეტიკაში წელს ინვესტიციებმა 25.9 მილიონი დოლარი შეადგინა, შარშან კი 75.1 მილიონი იყო. შესაბამისად, მაჩვენებელი 65.5 პროცენტით შემცირდა. ინვესტიციების კლებაა დამამუშავებელ (75%) და სამთომოპოვებით მრეწველობაში (32%), ასევე საფინანსო სექტორში (25.3%). ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროში ინვესტიციებმა შარშან 6 თვეში 30.9 მილიონი დოლარი შეადგინა, წელს კი ინვესტიციების გადინება (-1.8 მილიონი დოლარი) ფიქსირდება. რაც შეეხება ინვესტიციების ზრდას, მნიშვნელოვანი მატებაა მშენებლობაში, სადაც შარშან მაჩვენებელმა 16.7 მილიონი დოლარი შეადგინა, წელს კი 125.1 მილიონი (7,5-ჯერ მეტი). სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში 2016 წლის იანვარ-ივნისში ინვესტიციების მოცულობა 7.1 მილიონი დოლარი იყო, წელს კი 45.1 მილიონი (6.3-ჯერ მეტი). გაორმაგებულია ინვესტიციები უძრავ ქონებაში, სადაც 2016 წლის ორ კვარტალში მაჩვენებელი 45.2 მილიონ დოლარს შეადგენდა, წელს კი 95.4 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. პროცენტულად ინვესტიციები გაზრდილია სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაშიც, თუმცა სექტორების მიხედვით, ის ერთ-ერთ ბოლო პოზიციაზეა. ინვესტიციების მაჩვენებელი წელს 3.7 მილიონ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები