სოფიო ქაცარავამ, ლონდონში, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ, როგორც ბრიტანეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ ჯონათან ჯანოღლიმ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის საპარლამენტო და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ურთიერთობებს.
ასევე, ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას. შეთანხმების საფუძველზე მეგობართა ჯგუფები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ თანამშრომლობის არსებული მიმართულებების გაღრმავებისა და ახალი პერსპექტივების დასასახად. „ვესტმინსტერის სასახლეში, ჩემს კოლეგასთან, ჯონათან ჯანოღლისთან ერთად, ხელი მოვაწერე დოკუმენტს, რომელიც საქართველოსა და ბრიტანეთის საერთო ინტერესებისა და ღირებულებების – დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების საკითხებს ითვალისწინებს. შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიზნების მიღწევას.
დოკუმენტში ხაზგასმულია საპარლამენტო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მეგობრობის ჯგუფებსა და პარლამენტს შორის. მეგობრობის ჯგუფებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია საპარლამენტო დიპლომატიაში და მიმაჩნია, რომ ამ ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოხდეს”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, პარალელურად, ლიდერთა საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ბრიტანეთის პარლამენტის წევრთან, ჯონათან ჯანოღლისთან შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო კავშირების გაძლიერებისა და გამყარების საკითხები, საგარეო კურსის მიზნები, სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხებოდა მეგობრობის ჯგუფების დღის წესრიგსა და პრიორიტეტებს. სოფიო ქაცარავამ, ასევე, შეხვედრა გამართა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ხელმძღვანელთან ენტონი სმიტთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ვესტმინსტერის ფონდისა და საქართველოს პარლამენტის მჭიდრო ურთიერთობებზე, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე და ამ მიმართულებით, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერაზე. „შეხვედრაზე, ჩემს კოლეგებთან ერთად, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ვისაუბრეთ.
კოლეგების მიერ ჩვენი ქვეყნის წარმატება, ყველა, ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეხვედრებზე ერთხმად, ხაზგასმით აღინიშნება. ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა მომეცა გავსაუბრებოდი დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მინისტრს ევროპისა და ამერიკის საკითხებში, სერ ალან დუნკანს, რომელსაც კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა ბრიტანეთის მხარდაჭერისთვის და მისი პერსონალური წვლილისთვის ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები