გიორგი გახარია უკრაინაში საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია უკრაინაში რიგით მეორე საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, “ევროპა-აზიის ინტეგრირებული სატრანსპორტო კორიდორი“ ამ სახელწოდების რიგით მეორე მაღალი დონის, საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენცია 8 სექტემბერს, უკრაინის ქალაქ ოდესაში გაიმართება.
ქართულ დელეგაციას უკრაინაში გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. კონფერენციის მიზანია, ევროპისა და აზიის მიმართულებით სატრანსპორტო კავშირების კონკურენტული უპირატესობების შექმნა. ღონისძიებას უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი გახსნის. მოგვიანებით კონფერენციაზე სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია გამოვა. საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოსა და უკრაინასთან ერთად, რუმინეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, ყახაზეთის, პოლონეთის, ლიტვის, ჩინეთის სამთავრობო დელეგაციები და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები მიიღებენ. კონფერენციის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, პლენარული სხდომა გაიმართება.
სხდომის თემებია: ევროპისა და აზიის ინტეგრირებული სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიზნით მონაწილე ქვეყნების სატრანსპორტო პოლიტიკის ჰარმონიზაცია და ევროპა-აზიის მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადების ფორმირება.
ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას, სამთავრობო დელეგაციის გარდა, საქართველოს რკინიგზის, ბათუმის პორტისა და ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის წარმომადგენლები მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები