თეა წულუკიანი: ქართულ მხარეს უკრაინამ მომართა და დაინტერესდა, რჩებოდა თუ არა ძალაში სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის განახლების შესახებ ჟურნალისტებთან დამატებითი განმარტებები გააკეთა.
როგორც წულუკიანმა განაცხადა, ქართულ მხარეს შესაბამისი წერილით უკრაინამ მიმართა და დაინტერესდა, რჩებოდა თუ არა ძალაში მოთხოვნა ექს-პრეზიდენტის ექსტრადირების შესახებ.

„ჩვენ უკრაინულმა მხარემ მოგვმართა წერილით, სადაც დასვა შეკითხვა, 2014-15 წლების ექსტრადირების მოთხოვნები, რომლებიც მათ მიიღეს თავის დროზე, იყო თუ არა დღესაც ძალაში, რაზეც პასუხი მიიღო პროკურატურისგან, რომ დიახ, ის მოთხოვნები დღესაც ძალაშია. კიდევ ერთხელ, თავის დაზღვევის მიზნით გადაეგზავნა იგივე დოკუმენტები, რაც ადრე იყო გაგზავნილი. შესაბამისად, მორიგ ჯერზე უკრაინულ მხარეს აქვს მოთხოვნა განახლებული, იგივე დოკუმენტაცია და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გუშინდელი და გუშინწინდელი კომუნიკაციიდან ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, იქ მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები, განახლებული პროცედურები, როგორც მათ დაარქვეს, რაკი ჩვენგან შეიტყვეს, რომ ინტერესი და სამართლებრივი მოთხოვნა საქართველოს მხრიდან კვლავ ძალაშია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის შესაბამის უწყებას სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მორიგ ჯერზე 1-ელ სექტემბერს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები