თამარ ჩუგოშვილი: ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, რაც დოკუმენტში იყო ასახული

„ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, რაც დოკუმენტში იყო ასახული. შესაბამისად, ველოდებით, რომ უშუალოდ დოკუმენტის შინაარსთან დაკავშირებით, საბოლოო დასკვნა ცალსახად დადებითი იქნება“, – ამის შესახებ
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პარლამენტის წევრმა აღნიშნა, მას მოლოდინი აქვს, რომ საბოლოო დოკუმენტი, რომელსაც ვენეციის კომისია გამოაქვეყნებს, ძირითადად იმის ანალიზი იქნება, თუ რამდენად გაითვალისწინა ქვეყანამ მათ ძირითად დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები.
“ინიცირებულ ტექსტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის პირველი რეკომენდაციები უკვე მიღებული გვაქვს, რომელიც უფრო მეტად მეორე ხარისხოვან საკითხებს ეხებოდა, რადგან ვენეციის კომისია პოლიტიკურ საკითხებზე დოკუმენტის სულისკვეთებას ფაქტიურად ითვალისწინებდა და იზიარებდა. ფაქტობრივად, ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, რაც დოკუმენტში იყო ასახული. შესაბამისად, ველოდებით, რომ უშუალოდ დოკუმენტის შინაარსთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა ცალსახად დადებითი და პოზიტიური უნდა იყოს“, – აღნიშნავს ჩუგოშვილი.
კანონმდებელი კონსტიტუციური პროექტის გადახედვას გამორიცხავს და ყურადღებას მესამე მოსმენის პროცედურაზე ამახვილებს.
„პროპორციული სისტემა მესამე მოსმენის საკითხი არ არის, რადგან ჩვენ რედაქციული შესწორებების ეტაპზე ვიმყოფებით. კონსტიტუციურ პროექტში ვერანაირი პრინციპული საკითხი ვეღარ გადაიხედება. ამიტომ, რედაქციული ხასიათის შენიშვნების გათვალისწინების სივრცე არსებობს, თუკი ასეთი იქნება“, – დასძინა ჩუგოშვილმა.
საკანონმდებლო ორგანო კონსტიტუციური ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას სექტემბრის ბოლოს გეგმავს. რეგლამენტის გათვალისწინებით, მესამე მოსმენის რეჟიმში, დოკუმენტში მხოლოდ რედაქციული სახის შენიშვნების გათვალისწინება შეიძლება.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე მიიღო. მმართველი გუნდის მიერ მიღებული დოკუმენტით, საქართველოში პროპორციული სისტემა 2024 წელს ამოქმედდება, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით სამ პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები