აკაკი ზოიძე ევროპის რეგიონული თამბაქოს კონტროლის ლიდერობის პროგრამაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე კიევში იმყოფება, სადაც 3-9 სექტემბერს ევროპის რეგიონული თამბაქოს კონტროლის ლიდერობის პროგრამაში იღებს მონაწილეობას.
როგორც ”კვირას“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, პროგრამის ფარგლებში, აკაკი ზოიძემ მოხსენება წარადგინა და საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობასა და ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის ხელშეწყობის ეფექტური ადვოკატირების შესახებ ისაუბრა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პროგრამის მონაწილეებს საკანონმდებლო ბაზა და თამბაქოს მოხმარების სტატისტიკა გააცნო. აკაკი ზოიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების ეპიდემიამ პიკს 2016 წელს მიაღწია.
„ხელისუფლების მიერ გადადგმული საპასუხო ნაბიჯების შესახებ საუბრისას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლისთვის გარდამტეხი 2017 წელი აღმოჩნდა. მისი განცხადებით, საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტისა და მთავრობის პრიორიტეტი პროგრესული რეფორმების გატარებაა, რაც თამბაქოს კონტროლის ეფექტური კანონმდებლობის შემუშავებასა და იმპლემენტაციას ითვალისწინებს.
სიტყვით გამოსვლისას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და მძლავრი კოალიციის შექმნის მნიშვნელობა“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აკაკი ზოიძის განცხადებით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტის მომზადებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელობით შექმნილმა ჯანდაცვის კოალიციამ, საზოგადოებასთან აქტიურმა კომუნიკაციამ, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულმა ღია და საჯარო დებატებმა, მჭიდრო თანამშრომლობამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოსთან და ბლუმბერგის საქველმოქმედო ფონდთან.
„საქართველოს პარლამენტის მიერ თამბაქოს კონტროლის შესახებ წელს მიღებული კანონმდებლობა არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მომავალისთვის, არამედ არის სამაგალითო სხვა ქვეყნებისთვისაც როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში და არის საერთო წარმატება თამბაქოს მომაკვდინებელ ინდუსტრიასთან გლობალურ ბრძოლაში, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ეწირება მსოფლიოში და რომლის გამოც 11 000 ადამიანი ნაადრევად კვდება საქართველოში.
ჩვენთვის საინტერესოა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება თამბაქოს პოლიტიკის შემუშავებასა და აღსრულებაში და კონკრეტული სამოქმედო გეგმა მიღებული კანონმდებლობის ეფექტიან დანერგვაში, რათა მივიღოთ მაქსიმალური შედეგები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის გაუმჯობესების და სიცოცხლის გახანგრძლივების საქმეში“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
თამბაქოს კონტროლის ლიდერთა რეგიონული პროგრამა მიზნად ისახავს ლიდერობის განვითარებასა და ხელშეწყობას იმ ქვეყნებში, სადაც თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ასევე, თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის ეფექტურ აღსრულებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს დებულებების შესაბამისად.
თამბაქოს კონტროლის ლიდერთა რეგიონულ პროგრამას „ბლუმბერგის ინიციატივა თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები