ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეხვედრა გაიმართა

ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეექვსე შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუ მიიღეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა აღნიშნეს სამმხრივ ფორმატში არსებული წარმატებული თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საერთო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების საკითხებს. საქართველოს ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა სამი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ გლობალურ კონტექსტში.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ნამდვილად უნიკალური მექანიზმი, რომელიც ჩამოყალიბებულია სამ მეზობელს შორის. ჩვენ ვთამაშობთ ძალიან მნიშვნელოვან როლს არამარტო ჩვენი რეგიონისთვის და ჩვენი სამი ქვეყნისთვის, არამედ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბით, გლობალურად. სამივე ქვეყანა წარმოადგენს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ცენტრს. ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც ღრმავდება ყოველწლიურად აზიასა და ევროპას შორის, გადის ამ დერეფნის მეშვეობით, და ჩვენ ვთანამშრომლობთ, რომ ეფექტურად განვახორციელოთ როგორც ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, ასევე ვდგამთ შესაბამის პოლიტიკურ ნაბიჯებს ამ შესაძლებლობების რეალიზებისთვის”, – აღნიშნა მინისტრმა.
ამ კონტექსტში შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის უახლოეს პერიოდში ამოქმედების საკითხებზე, ასევე სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე. მინისტრებმა დააფიქსირეს მზაობა, განაგრძონ კოორდინირებული მოქმედება ხსენებული პროექტების რეალიზაციისთვის.
სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერა „ბაქოს განცხადებას“ და „სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას 2017-2019 წლებისთვის“.
დოკუმენტი მოიცავს ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ინოვაციური ტექნოლოგიების და სხვა დარგობრივი მიმართულებით კონკრეტულ პროექტებსა და ინიციატივებს, რაც მონაწილეთა შეფასებით ხელს შეუწყობს სექტორული თანამშრომლობის განვითარებას.
მხარეები მიესალმნენ, რომ ქვეყნებს შორის სამმხრივი შეხვედრების ფორმატი ყოველწლიურად ახალ განზომილებებს იძენს. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა და სამი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვის აუცილებლობა.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ კონფლიქტებსა და გამოწვევებს. მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია შექმნილი მდგომარეობის შესახებ და კიდევ ერთხელ გამოხატეს მკაფიო ურთიერთმხარდაჭერა.
ბაქოში გამართული სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები მის აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები