საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა საბერძნეთში შეხვედრები გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი სამუშაო ვიზიტით ათენში იმყოფებოდა.
როგორც ”კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილე ვიზიტის ფარგლებში  საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხებში გენერალურ დირექტორს, თეოდოროს გეორგაკელოსს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-საბერძნეთის ორმხრივ ურთიერთობებში არსებული თემატიკა, ასევე მოსაზრებები გაცვალეს საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ოკუპირებული რეგიონებში არსებულ ვითარებას. ბერძნულმა მხარემ დაადასტურა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გამოხატა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ევროკავშირის შიგნით მიმდინარე მოვლენებს, ასევე განხილულ იქნა რეგიონში არსებული ვითარება და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხები.
საბერძნეთში ვიზიტისას, მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა კონსულტაციები გამართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის საკითხებში გენერალურ დირექტორთან, იოანის მეტაქსასთან ევროინტეგრაციის საკითხებზე. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა 2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინებზე. აღინიშნა მომავალზე ორიენტირებული ხედვის შემუშავების მნიშვნელობა, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესების შემდგომ გაღრმავებას. ბერძნული მხარე მიესალმა საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ქვეყნის ასოცირების პროცესში მოსახლეობისათვის ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას, ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის წარმატებული მაგალითი. საბერძნეთმა დაადასტურა მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის შიგნით მიმდინარე მოვლენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები