სუმა ჩაკრაბარტი – საქართველოს მთავრობის თანამშრომლობა კერძო სექტორთან უზრუნველყოფს ბიზნესკლიმატის შემდგომ გაუმჯობესებას

აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის თანამშრომლობა კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის EBRD-ისთან, ინვესტორთა საბჭოს ფორმატით, რაც უზრუნველყოფს ბიზნესკლიმატის შემდგომ გაუმჯობესებას და წაახალისებს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს, მეტად დაინტერესდნენ ამ ქვეყნით, – ეს განცხადება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
EBRD-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეამაყება ფინანსურ სფეროში განხორციელებული მიღწევა, რომლის თანახმად, „საქართველოს ბანკსა“ და TBC ბანკთან თანამშრომლობის შედეგად ამოქმედდა პირველი პროექტი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში. „მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავი მიღწევაა, რადგან ამ გზით ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები შეძლებენ, ევროკავშირის სტანდარტებს მიაღწიონ – ეს დაახლოების პროცესს შეუწყობს ხელს. პროცესს რამდენიმე წელი დასჭირდება, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ქართული კომპანიები გაცილებით უფრო სწრაფად მიაღწევენ სასურველ დონეს და ევროკავშირში ექსპორტისთვის იქნებიან მზად. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მომავალს – პრემიერ-მინისტრს მოეხსენება, რომ გასულ დეკემბერს ჩვენმა საბჭომ განიხილა და ხელი მოაწერა EBRD-ის სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელია. ამ დოკუმენტს ოთხი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს. პირველ რიგში აღსანიშნავია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა. ჩვენი სამუშაოს ნაწილი, რომელიც კერძო სექტორზე ორიენტირდება, მიზნად ისახავს ქართული კერძო სექტორის მაქსიმალური კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფას. რა თქმა უნდა, ბიზნესკლიმატის ცვლილება ამ კუთხით ძალიან გვიწყობს ხელს. იგივე შეიძლება ითქვას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით გათვალისწინებულ ინდიკატორებზე. თუმცა ჩვენ განსაკუთრებით ვკონცენტრირდებით სოფლის მეურნეობის, სასტუმრო და ინოვაციების ინდუსტრიებზე. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ამ პროცესში უნდა ჩაერთოს საქართველოს მთელი მოსახლეობა. არავის უნდა შეეზღუდოს დაფინანსებაზე წვდომა“, – განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ. მისივე თქმით, EBRD-ის სურვილია, მეტი გააკეთოს ადგილობრივი ვალუტის გასესხებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით. „ამ მიმართულებით ჩვენ ქართულ ხელისუფლებასთან ვმუშაობთ. საქართველო, რა თქმა უნდა, ყოველთვის გამოირჩეოდა EBRD-ისათვის ადგილობრივი ობლიგაციების გამოშვების გამო, რაზე მუშაობაც ჩვენ 2014 წელს დავიწყეთ“, – აღნიშნა EBRD-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები