ოთარ დანელია არ გამორიცხავს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოებში ავიაციის ჩართვა გახდეს საჭირო

„არ არის გამორიცხული, სამეგრელოში საჭირო გახდეს ავიაციის ჩართვა“, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ პარლამენტის სხდომაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც პარლამენტის სხდომაზე დანელიამ განაცხადა, მიუხედავად იმისა რომ, აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ სურსათის ეროვნული სააგენტო მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს, საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. „აღნიშნული საკითხი ნამდვილად რთულია, ძალიან რთული მდგომარეობაა. ჩვენ არაერთხელ ვიყავით ჩასული სხვადასხვა რაიონში, სოფელში. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს მაინც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საკმაოდ დიდ გამოწვევად რჩება, თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ ეს უკვე ცდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას და გაცილებით უფრო დიდ მასშტაბს იძენს, არ არის გამორიცხული, აუცილებელი გახდეს გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართვაც, ვინაიდან მავნებლის მიგრაცია მოხდება სწორედ რომ ტყეებში და დაცულ ტერიტორიებში, რათა გამოიზამთროს და ალბათ კომპლექსური ღონისძიებების გატარება იქნება საჭირო. არ არის გამორიცხული, ასევე, საჭირო გახდეს ავიაციის ჩართვა. მინდა მოგახსენოთ, სტატისტიკური ინფორმაცია ამ ეტაპზე თუ რა რაოდენობის მასივებია დამუშავებული. დაახლოებით 53 ათასი ჰექტარი გახლავთ მხოლოდ თხილის ფართობები შეწამლული. მეორე ეტაპზე 20 ათასი ჰექტარი იქნება უკვე დამუშავებული და დაემატება 50 ათასი ჰექტარი, ეს გახლავთ ზუგდიდი, სამტრედია, აბაშა, ხობი, მარტვილი, სენაკი, ლანჩხუთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რაიონები გახლავთ გავრცელების არეალი, მიმდინარეობს ასევე სხვა რეგიონებში მონიტორინგი, რათა პრევენციული ღონისძიებები გატარდეს. წინასწარი ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ალბათ, მავნებელი შემოსულია გალის რაიონიდან, შესაბამისად, ასევე რთული მდგომარეობაა აფხაზეთის ადმინისტრაციაში, და რა თქმა უნდა, ჩვენ მზაობას გამოვხატავთ თანამშრომლობის კუთხით, თუ ამის სურვილი იქნება ბუნებრივია. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ სამომავლოდ, მომავალი წლისთვის პრევენციული ღონისძიებების ნაწილში მუნიციპალიტეტები აუცილებლად უნდა გააქტიურდნენ, მათ უნდა გამოყონ თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ის რესურსი, რაც აუცილებელი იქნება სწრაფი რეაგირებისთვის, რათა თითოეულ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს შესაბამისი რესურსი რეაგირების ნაწილში. გარდა ამ ინფორმაციისა, მე კიდევ ერთხელ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სურსათის ეროვნულ სააგენტოს და სოფლის მეურნეობას, პირადად მინისტრს, გაწეული სამუშაოებისთვის და წარმატებები მინდა ვუსურვო, თუმცა, ვხედავთ, რომ ის, რაც კეთდება და გაკეთდა, მოითხოვს მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდას. ჩვენ მხოლოდ ცუდი ინფორმაციით არ შემოვიფარგლებით, გვაქვს ასევე ძალიან კარგი სტატისტიკური მონაცემები ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით. 2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 61 % პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. შარშან მთლიანად, მთელი წლის მანძილზე, 49 მილიონი ბოთლის ექსპორტი განხორციელდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზრდა ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ჩინეთი, 51 %, საფრანგეთში სამჯერ გაიზარდა, ლამის ოთხჯერ, ისრაელი ორჯერ არის გაზრდილი, ამერიკის შეერთებული შტატები 67 %, გერმანია 39%. მთლიანობაში, ღვინის ბრენდის, ჭაჭის და ღვინომასალის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი საანგარიშო პერიოდში 165 მილიონ დოლარზე მეტია, რაც 2016 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს აღემატება 52 %-ით ”, – განაცხადა ოთარ დანელიამ პარლამეტის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები