ბორჯომში, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ბორჯომში, ორი დღის განმავლობაში, „საჯარო სამსახურის შესახებ” ახალ კანონში მოცემულ პრინციპებზე იმსჯელეს. როგორც „კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი დაესწრნენ.
შეხვედრა, საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) – მმართველობის რეფორმის ფონდისა (Governance Reform Fund) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.გუშინ, 1 სექტემბერს, ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: საჯარო მმართველობა, ბიუროკრატია და საჯარო მოხელე; რეფორმის არსი და კანონის ზოგადი ანალიზი; საჯარო სამსახურის
ძირითადი ცნებები და პრინციპები; მოხელეთა რანგირება და კლასები. განხილულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.
დღეს, 2 სექტემბერს, სამუშაო შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ შემდეგ საკითხებზე: სამსახურში მიღება და კარიერის მართვა; რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და შერწყმა; დისციპლინური პასუხისმგებლობა; სამსახურიდან გათავისუფლება და უფლების დაცვა. წარდგენილი იქნება, ასევე, „შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობენ: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრები, პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე, თანამდებობის პირები პარლამენტის აპარატიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.