ნინო ოძელაშვილი უნგრეთის ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს
ქართველი ძიუდოისტი ნინო ოძელაშვილი უნგრეთის ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს.
გადაწყვეტილება მსაჯმა მას შემდეგ მიიღო, როდესაც ქალთა შორის 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნინო ოძელაშვილი ტატამზე ყელსაბამით გავიდა, რაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წესების თანახმად აკრძალულია.
ოძელაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი წრის შეხვედრას ნიგერიელ ვინი გოპიტთან ვაზარით იგებდა, რის შემდეგაც არბიტრმა ჯვრიანი ყელსაბამი შენიშნა და ქართველი ძიუდოისტი გათმაშებას გამოეთიშა.
„ძიუდოს წესების თანახმად, ტატამზე ორთაბრძოლების დროს, ნებისმიერი სახის აქსესუარი იკრძალება. ოძელაშვილი ამის შესახებ ინფორმირებული იყო და ის მწვრთნელებმაც გააფრთხილეს. სამწუხაროდ, სპორტსმენის უყურადღებობის გამო ასეთი ფაქტი მოხდა“, – განაცხადა ძიუდოს ფედერაციის სპორტულმა დირექტორმა ზურა უსუფაშვილმა.