რა ეტაპზეა ბოლნისის მუზეუმი? კომპანია RMG ბოლნისის ახალი მუზეუმის პროექტის მხარდაჭერას განაგრძობს – (ვიდეო)

კომპანია RMG განაგრძობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტის – ბოლნისის ახალი მუზეუმის გახსნისათვის საჭირო სამუშაოების მხარდაჭერას და დაფინანსებას.
ბოლნისის ახალი მუზეუმის მუზეოგრაფიაზე, რომელსაც პროექტის მეორე ეტაპი ითვალისწინებს, ფრანგი დიზაინერი ლინა ლოპესი მუშაობს. ეროვნული მუზეუმის მოწვევით და RMG Gold-ის მხარდაჭერით, ლინა ლოპესი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ის მუზეუმის სამეცნიერო ჯგუფთან და კურატორებთან მართავს შეხვედრებს.
როგორც „კვირასთან“ საუბარში ლინა ლოპესმა აღნიშნა, ამ ეტაპზე სამეცნიერო ჯგუფის წევრებთან ერთად მუზეოგრაფიის პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და ყველაფერი კეთდება, რომ გამოფენაზე უწყვეტობის ეფექტი კიდევ უფრო კარგად იყოს შექმნილი. გამოფენაზე ხუთი ძირითადი თემა იქნება წარმოდგენილი.
სპეციალისტების მიერ ჩატარებული გარემო პირობების მონიტორინგის შემდგომ მოხდება ახლად აშენებული შენობის ადაპტაცია კოლექციების მისაღებად და მუზეუმის საჭირო ინვენტარით აღჭურვა.
„ბოლნისის მუზეუმის შენობა უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს სამუშაოების მეორე ეტაპი, რაც მოიცავს მუზეოგრაფიის შექმნას. უფრო კონკრეტულად კი, სამეცნიერო ჯგუფთან ერთად ნარატივის შემუშავებას, ამ ეტაპზე ვიტრინების ტიპების განსაზღვრაზე ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სრულყოფილად გადმოიცეს ისტორია. გამოყენებული იქნება თანამედროვე მულტიმედიატექნოლოგიები, რათა მუზეუმში უწყვეტობის ეფექტი კიდევ უფრო კარგად იყოს წარმოდგენილი. მუდმივმოქმედ საგამოფენო დარბაზში ხუთი ძირითადი თემა გვექნება: პირველი, ეს არის გეოლოგია და დმანისი, მეორე დიდი ეტაპია ნეოლითი, სადაც მიწათმოქმედების განვითარების საფეხურები იქნება ნაჩვენები; მესამე თემა მიეძღვნება უძველეს მეტალურგიას; მეოთხე იქნება შუასაუკუნეები და ბოლო – მეხუთე თემა – მულტიკულტურული რეგიონი“, – აღნიშნა ლინა ლოპესმა.
წარმოშობით კოლუმბიელ დიზაინერს ლინა ლოპესს, არტისტს, მუზეოგრაფსა და კურატორს, 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს სახელოვნებო სფეროში გამოფენების ორგანიზებასა და დიზაინის მომზადებაში. ლინა ლოპესმა წარმატებული პროექტები განახორციელა საფრანგეთში, შვედეთში, მექსიკასა და კოლუმბიაში.
უკვე რამდენიმე წელია, ლოპესი მჭიდროდ თანამშრომლობს ეროვნულ მუზეუმთან. მის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს შორის არის: სვანეთის განახლებული მუზეუმის სცენოგრაფია, ახალციხის მუზეუმის სცენოგრაფია, ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი – ,,არქეოლოგიური საგანძური’’.
პროექტთან დაკავშირებით RMG-ის გენერალური დირექტორი ჯონი შუბითიძე აცხადებს, რომ ბოლნისის მუზეუმის გაკეთება RMG-ს სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ერთ-ერთი პრიორიტეტია და, პროექტის განხორციელების მიზნით, კომპანიამ 7 მილიონი ლარი უკვე დახარჯა. ჯონი შუბითიძე პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მუზეუმი შეასრულებს რაიონში კულტურის, არაფორმალური განათლებისა და ტურიზმის ცენტრის ფუნქციას, სადაც იმუშავებს თანამედროვე მედიათეკა და საკონფერენციო დარბაზი.
„უაღრესად მოხარულები ვართ, რომ ვეხმარებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბოლნისის მუზეუმთან დაკავშირებით. სასიხარულოა, რომ საქართველოს და, კონკრეტულად, ბოლნისის რაიონს, სადაც RMG-ი მოღვაწეობს, შეემატება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი. ამავდროულად, ეს იქნება კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. ჩვენი სურვილია, ეს საქმე უახლოეს მომავალში ბოლომდე მივიყვანოთ“, -აღნიშნა ჯონი შუბითიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები