თეა წულუკიანი ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილ ელჩს: ბატონო კოტე, შეხვედრაზე უარის თქმას ვინ გაგიბედავდათ?

„სტრასბურგში აღნიშნული კანდიდატურები ჩავარდა. თქვენ, როგორც ელჩმა, ამ პროცესს რაიმე დააკელით?” – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილ ელჩს, კონსტანტინე კორკელიას და იმის განმარტება მოსთხოვა, თუ რა ღონისძიებები განახორციელა მან სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების – ალექსანდრე ბარამიძის, ევა გოცირიძისა და გიორგი ბადაშვილის მიმართ.
თეა წულუკიანმა კორკელიას კითხვებით იუსტიციის სამინისტროში, სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის სხდომაზე, გასაუბრების დროს მიმართა. „სტრასბურგში აღნიშნული კანდიდატურები ჩავარდა. თქვენ, როგორც ელჩმა, ამ პროცესს რაიმე დააკელით? ამ პროცესში მონაწილეობა თქვენც გსურდათ და პასიურობა ამით ხომ არ იყო განპირობებული? პანელმა ბარამიძის კომპეტენტურობა აღიარა და თქვა, რომ ის კვალიფიციურია, ისევე, როგორც ჭანტურია. ინტერესთა კონფლიქტი გქონდათ, მაგრამ იქ თქვენ გარდა, არავინ იყო და ამ პროცესს რაიმე ხომ არ დააკელით?“, – მიმართა კორკელიას წულუკიანმა. მინისტრის საპასუხოდ, კორკელიამ აღნიშნა, რომ მის გარდა, სახელმწიფოს ევროსაბჭოში საპარლამენტო დელეგაცია ჰყავდა. „თქვენ იცით, რომ ელჩების როლი მკაფიოდ განსაზღვრულია.
საპარლამენტო ასამბლეის მიმართულებით, ელჩის როლი მინიმალურია და მოლოდინი არ მაქვს, რომ მხოლოდ ჩემს მოყოლილს ენდობით, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემი როლი სამდივნოს დონეზე შეხვედრის დანიშვნა იყო. საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე იყო და იმ პერიოდში ამ საკითხით დავინტერესდი, მაგრამ მითხრეს, რომ პარლამენტარები მხოლოდ პარლამენტარებს ელაპარაკებიან. დამოუკიდებლად მე არც კი მხვდებოდნენ.
რაც შეეხება კონკურსში ჩემს მონაწილეობას, ჩემი უფლებამოსილება გამიჯნული მაქვს. მოსამართლეებთან თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად ელჩები არ დადიან“, – მიმართა წულუკიანს კორკელიამ. თავის მხრივ, მინისტრი კორკელიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სწორედ იმის გამო, რომ ის ათი წელი სტრასბურგში მუშაობდა, იცის, რომ ევროსაბჭოში ელჩს უფლება აქვს, აქტიური იყოს. „დღევანდელი ელჩი სუპერაქტიურია და მას შეხვედრაზე უარს არავინ ეუბნება. თქვენ იცით, რომ პანელს სამდივნო ჰყავს და მასთან შეხვედრა და იმის ახსნა, საქართველოში კონკურსი როგორ ჩატარდა, ელჩის პირდაპირი მოვალეობაა.
თქვენ მათ შეხვდით? ბატონო კოტე, შეხვედრაზე უარის თქმას ვინ გაგიბედავდათ?“, – მიმართა კორკელიას წულუკიანმა. მინისტრის საპასუხოდ, კორკელიამ აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეა და პანელი უნდა გაიმიჯნოს.
„მეტის გაკეთების საშუალება არ გვქონდა, არც მე და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს“, – დასძინა კორკელიამ. სტრასბურგში ბადაშვილის, გოცირიძისა და ბარამიძის კანდიდატურები რამდენიმე თვის წინ ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები