მამუკა მდინარაძე: ჩვენ მოხარული ვიქნებით ნებისმიერი რეგულაციით, რომელიც საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიტიკოსებს, კარგი გაგებით, აიძულებს სიმართლე ილაპარაკონ და რაღაც პოლიტიკურ გარიგებებში არ შევიდნენ

ბატონი რაჟდენ კუპრაშვილი ძალიან წარმატებით ახერხებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და ჩვენ მოხარული ვიქნებით ნებისმიერი რეგულაციით, რომელიც საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიტიკოსებს კარგი გაგებით აიძულებს სიმართლე ილაპარაკონ და რაღაც პოლიტიკურ გარიგებებში არ შევიდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა ე.წ. ფეიკ კამპანიებზე და თქვა, რომ ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დღევანდელი მსოფლიოს პრობლემაა და მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ სიმართლის გატანა, რადგან სიმართლეზე მძლავრი ობიექტური და მორალური იარაღი არ არსებობს.

„რაც შეეხება ანტიკორუფციულ სამსახურს. მე ზოგადად მიმაჩნია, რომ ბევრი უწყება, სამსახური ამ ქვეყანაში არსებობს, რომელიც გაორების შეგრძნებას ტოვებს. არსებობს სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტი, არსებობს ანტიკორუფციული სამსახური, შეიძლება საერთოდ არ იყოს საჭირო, მაგრამ მათ რაღაც კომპეტენციები გაყოფილი აქვთ. ბატონი რაჟდენი ძალიან წარმატებით ახერხებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. ზოგადად, როდესაც ქვეყანაში არ გყავს ოპოზიცია და გყავს აგენტურა, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით, არარეალისტური მიმართულებით თავისას „მიერეკება”, მაშინ კონტროლი კიდევ უფრო გასაძლიერებელია და ჩვენ მოხარული ვიქნებით ნებისმიერი რეგულაციით, რომელიც საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიტიკოსებს კარგი გაგებით აიძულებს სიმართლე ილაპარაკონ და რაღაც პოლიტიკურ გარიგებებში არ შევიდნენ. თუკი ამას ახერხებს და ახერხებს გარკვეული წარმატებით ეს უწყება, უნდა შევუქოთ მას. რაც შეეხება, ფეიკ კამპანიების მიმართულებას, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა, ეს დღევანდელი მსოფლიოს პრობლემაა, მათ შორის სოციალური ქსელები, თუმცა ჩვენ რასაც ვახერხებთ ეს არის უმრავლესობის გადაწყვეტილების სახით, მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით, თავის დროზე გარედან თავსმოხვეული კანონების გასწორების თვალსაზრისით და სხვა გზა არ დაგვრჩენია, რომ შევეცადოთ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ სიმართლის გატანა. სიმართლეზე მძლავრი ობიექტური და მორალური იარაღი არ არსებობს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები