მამუკა მდინარაძე: ერთადერთი, რაც გიორგი გახარიას დარჩენია, უნდა ამტკიცოს, რომ გაფრთხილების მიუხედავად წარმოდგენა არ ჰქონდა რა მოჰყვებოდა საგუშაგოს ჩადგმას, სხვა შემთხვევაში, მოუწევს, რომ აღიაროს სისხლის სამართლის დანაშაული
ერთადერთი, რაც გიორგი გახარიას დარჩენია, უნდა ამტკიცოს, რომ გაფრთხილებისდა მიუხედავად წარმოდგენა არ ჰქონდა რა მოჰყვებოდა საგუშაგოს ჩადგმას, სხვა შემთხვევაში, მოუწევს, რომ აღიაროს სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდზე საუბრისას განაცხადა.
„ევროკავშირის მანდატის ფარგლებში არსებობდა სპეციალური ფორმატი და ყველა მხარეს, მათ შორის საოკუპაციო მხარესაც, ოსურ მხარესაც, დე ფაქტო და საქართველოს ხელისუფლებასაც ჰქონდათ ვალდებულება, რომ ნებისმიერი მსგავსი, არა თუ ამ მასშტაბის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინათ ამ ფორმატისათვის. ეს იყო ვალდებულება, რომელიც უბრალოდ არ შესრულდა. არ შესრულება შეიძლება იყოს ერთი – დანაშაულიც და მეორე, უმეცრებით ჩადენილი. როდესაც კომისიაზე ილაპარაკა გახარიამ, თქვა, რომ იანვარში რაღაც მონიშნულები ნახეს და აგვისტოში რეაგირება მოაყოლეს. თვითონ რასაც ამბობენ იმ ვერსიაში შევდივარ. იმას კი არ ვამბობ, რა ეჭვებიც არსებობს. ამ რეაგირებაზე ოკუპანტის მხრიდან რეაგირება იყო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შემოჭრა ე.წ. გამყოფ ზოლს აქეთ 1 კილომეტრით და დაიკარგა მილიონი კვადრატული მეტრი. სხვა შემთხვევა 2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არცერთი არ ფიქსირდება. ეს არის კონკრეტული ქმედება, კონკრეტული შედეგით.
ახლა ჩვენ ვამბობთ, ეს კონკრეტული ქმედება იყო თუ არა დანაშაული?! ერთადერთი, რაც გიორგი გახარიას დარჩენია, რაღაც ფორმით ამტკიცოს, რომ არ იცოდა, რომ საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა ევროკავშირის ჩარჩოში შექმნილი ფორმატი და მისი წარმომადგენლები, უნდა ამტკიცოს, რომ წარმოდგენა არ ექნებოდა, რომ ეს მოჰყვებოდა მაშინ, როდესაც ჩადგმის შემდეგაც კი ღია წყაროებში გაფრთხილება იყო, რომ შემოვიდოდნენ და დაიკავებდნენ საქართველოს დანარჩენ ნაწილსაც იმ მიდამოებში, სადაც საშუალება ექნებოდათ. გაფრთხილების მიუხედავად მან უნდა ამტკიცოს, რომ მე ვერ მივხვდი, რომ ამას აკეთებდნენ. სხვა შემთხვევაში, მოუწევს, რომ აღიაროს სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული“, – აღნიშნა მდინარაძემ.