მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, სადაც პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მან 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესახებ ისაუბრა, რომლებიც კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე დადგენილებით მიიღო და აღნიშნა, რომ ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის პროცედურული სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის. შესაბამისად, ეს მასალები ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია 73 საარჩევნო ოლქში დროებითი წევრების არჩევის შესახებ – „ცესკომ 73-ვე საარჩევნო ოლქში აირჩია საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი, მეექვსე წევრები. საერთო ჯამში, 73 ვაკანტურ ადგილზე სულ 134 განაცხადი იყო შემოსული და კონკურსში მონაწილეობას 134 კანდიდატი იღებდა. საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი კომპიუტერების საშუალებით კომისიის სხდომაზე, უშუალოდ, ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში აკვირდებოდნენ წევრების არჩევის მიმდინარეობას. სტატისტიკურად დამუშავებული ინფორმაცია არჩეული წევრებისა და მათი გამოცდილების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებგვერდზე.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ცესკომ უმოკლეს ვადებში რეგისტრაციაში გაატარა 5 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რათა მათ პროცესზე თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონოდათ,“-აღნიშნა ანა მიქელაძემ.
მან არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და საინიციატივო ჯგუფებს შეახსენა, რომ დღეს საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საარჩევნო ადმინისტრაციისადმი მომართვის ბოლო ვადაა. „ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში მიმართავს მათ, დროულად განახორციელონ კანონით გათვალისწინებული პროცედურები,“ – განაცხადა პრეს-სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები