ელისო ბოლქვაძე მომავალი თაობებისთვის მუშაობს

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest, ბათუმში 2-8 სექტემბერს გაიმართება. ის რიგით მეხუთე საიუბილეო ფესტივალია, რომლის ავტორია ცნობილი ქართველი პიანისტი და „იუნესკოს არტისტი მშვიდობისთვის“ ელისო ბოლქვაძე. წელს ფესტივალი იუნესკოს პატრონაჟით ჩატარდება, რაც საქართველოს ფესტივალების ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ამ მოვლენის შესახებ გთავაზობთ გიორგი ლალიაშვილის წერილს ლონდონიდან. 

სულ ერთი კვირა გვაშორებს ბათუმის მუსიკალურ ფესტივალს, რომელიც ცნობილი პიანისტისა და მოღვაწის ელისო ბოლქვაძის თაოსნობით დაარსდა და წლეულს მეხუთედ გაიმართება.

დღეს საქართველოში უკვე ბევრი ფესტივალი არსებობს, რაც თავისთავად ძალზე სასიამოვნო ფაქტია. ეს მოწმობს ქვეყანის სტაბილურობას, მის სიცოცხლისუნარიანობას და აქ მცხოვრები ადამიანების ბუნებრივ მოთხოვნილებას სულის საზრდოდ მუდამ ეგულებოდეთ გვერდით ხელოვნება. აშკარაა, რომ მასთან ზიარების წყურვილი საქართველოში მუდმივად იზრდება, რაც გაცილებით საიმედო მერმისის პერსპექტივას აჩენს.

თუმცა, ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც 2–8 სექტემბერს იუნესკოს პატრონაჟით უმასპინძლებს საქართველო, მაინც უპრეცედენტო მოვლენაა. იგი არა მარტო თავისი მასშტაბით გამოირჩევა, არამედ მას კიდევ უფრო დიდი დატვირთვა გააჩნია. საერთოდ ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის არის ძალიან ღირებული მოვლენა, რადგან ემსახურება მომავალი თაობების მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბებასა და დახვეწას. გემოვნებიანი და კულტურულ ფასეულობებს ნაზიარები ახალგაზრდობა კი ნამდვილად არის ქვეყნის ყველაზე ძვირფასი კაპიტალი.

მოგეხსენებათ, იმ ავადმოსაგონარ საბჭოთა საქართველოში მუსიკალური სკოლები ლამის ყველა სოფელს ჰქონდა და ეს მუსიკისადმი სიყვარულსა და ცოდნას აღრმავებდა. და თუ დღეს ამდენ წარმატებულ ქართველ მუსიკოსს შეხვდებით მსოფლიოს წამყვან საოპერო თუ საკონცერტო დარბაზებში, სწორედ მუსიკალური განათლების სასიკეთო შედეგია. ბოლო ორ დეკადაში საგრძნობლად შემცირდა მუსიკალური სკოლების რიცხვი, რაც მოასწავებს კონტაქტის შემცირებას ხელოვნების ამ დარგთან, ეს კი დიდ დანაკლისს წარმოადგენს ჩვენი ახალი თაობისთვის.

აღნიშნული ფესტივალი სწორედ ამ დანაკლისის ერთგვარად შევსებას ემსახურება. აბა, დამისახელეთ რომელიმე ქართული ფესტივალი, რომლის მუშაობაში 400-ზე მეტი მოზარდი იქნება ჩართული? ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის ფესტივალი. მისმა სულისჩამდგმელმა ელისო ბოლქვაძემ უპრეცედენტო საქმე იტვირთა, რათა კონკურსის, მასტერკლასების და ცნობილი მუსიკოს–შემსრულებლების კონცერტების გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული 13–15 წლის 300 მოზარდისთვის შეიქმნას მუსიკალური ბანაკი, რომელიც სოფელ სალიბაურის საჯარო სკოლისა და ბათუმის ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზის ბაზაზე იმუშავებს. ეს ბავშვები მუსიკოსები ან კონკურსანტები კი არ იქნებიან, არამედ ესენი არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული მუსიკის დამფასებელი ახალგაზრდები, რომლებიც დაესწრებიან კლასიკური მუსიკის კონცერტებს, ისინი მოუსმენენ კონკურსის მონაწილეებს, ასევე ცნობილ მუსიკოს–შემსრულებელთა გამოსვლებს. ამის მერე ისაუბრებენ, იმსჯელებენ, საკუთარ აზრებს გამოთქვამენ მუსიკაზე, ზოგადად ხელოვნებაზე. რაც მისცემთ მათ ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას, დაეხმარება გემოვნებისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.

ელისო ბოლქვაძე თავისი მასშტაბური ფესტივალით მომავალი თაობებისთვის ირჯება და მას ყველა პროგრესული ადამიანი გვერდით უნდა დაუდგეს ამ დიდი და კეთილშობილური მიზნის განხორციელებაში. ცნობილია, რომ პოლიტიკოსები არჩევნებიდან არჩევნებამდე ზომავენ თავიაანთ თვალსაწიერს. საზოგადო მოღვაწეები კი მომავალი თაობებისთვის მუშაობენ. ასეთ განსაკუთრებულ მოღვაწეს ვჭვრეტთ ელისო ბოლქვაძის სახით, რომლიც ღვთის წყალობით ჰყავს საქართველოს. ასეთი ვინმე რომ არ გყავდეს, უნდა შექმნა და გამოიგონო.

ელისო ბოლქვაძე კი გამოცდილი პიანისტი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი, ევროპული კულტურის ცენტრში პარიზში მცხოვრები ხელოვანია, რომელიც ზედმიწევნით იცნობს ევროპის მუსიკალური აღზრდის მეთოდებს და გულწრფელი სურვლი აქვს თავის მშობლიურ ქვეყანაში პროგრესული ტენდენციები დანერგოს ამ მხრივ. იგი იმ მუსიკოსების მომავალზეც ფიქრობს, რომლებსაც ბუნებრივი ტალანტი მოსდგამთ და შემჩნევა, შეფასება და ნიჭის განვითარება სჭირდება.

ამიტომ არის ეს ფესტივალი განსაკუთრებული. ელისო ბოლქვაძეს არც სახელი აკლია, არც დაფასება და არც რეგალიები. მას ამოძრავებს ერთადერთი გულწრფელი სურვილი, რომ მისი სამშობლო იყოს მართლა სანიმუშო ქვეყანა და სამუსიკო–საგანმანათლებლო აღზრდის კუთხით დანერგოს და განახორციელოს სასარგებლო პროექტები. მას თავისი შემოქმედებითი ბიოგრაფია და კონტაქტები შველის განახორციელოს ამ მასშტაბის ფესტივალი. იგი მთელი ცხოვრება ემზადებადა და ასე მოვიდა ფესტივალამდე. ეს არ ყოფილა თავმოსაწონებლად ან რენომეს განსამკტკიცებლად წამოწყებული საქმე. ეს მისთვის მეტ თავის ტკივილს და ენერგიის ხარჯვას უფრო ნიშნავს, მაგრამ როცა ეს საქართველოსთვის სასარგებლო საქმეს ეხება, იგი მზად არის თავგანწირვით იბრძოლოს და იშრომოს კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასამკვიდრებლად და გასფართოვებლად.

სწორედ ასეთ უანგარო მოღვაწეებზე დგას საზოგადოების პროგრესი. რომ არ ყოფილიყო ელისო ვირსალაძე, არ გვექნებოდა თელავის მუსიკალური ფესტივალი, რომ არ ყოფილიყო ლიანა ისაკაძე, არ გვექნებოდა თბილისი–ბათუმის ფესტივალი, ქეთი დოლიძის გარეშე არ იქნებოდა ფესტივალი „საჩუქარი“, ნინო ანანიაშვილმა შთაბერა სული თბილისის ბალეტის სართაშორისო ფესტივალს. დააკვირდით, რა მოღვაწე ქალბატონები ჰყავს საქართველოს. რუსთაველისეული „ლეკვი ლომისა სწორია“ საქართველოში უხსოვარი დროიდან მუდამ თვალცხადი რეალობა იყო და რა გასახარია, რომ ეს სიმდიდრე და ძლევამოსილება არ ილევა და არ თავდება…

კარგია, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მთელი რიგი ინსტიტუციები მხარს უჭერენ ბათუმის მუსიკალურ ფესტივლს. დასაფასებელია, რომ ყველამ იგრძნო და დაინახა მისი მნიშვნელობა. საქართველოს მთავრობისთვის და ყველა პარტიული ფუნქციონერისთვის ეს უნდა იყოს გამოკვეთილად საპატიო ვალი და ტვირთი, რათა დაეხმაროს ასეთ კულტურულ პროექტებს. ამით ისინი ჩვენს ქვეყანას უფრო მიმზიდველს გახდიან და ეკონომიურადაც გააძლიერებენ. თუ როგორ, ამას ახლავე განვმარტავ. თავისუფლად შეიძლება ლიდერობა მოიპოვოს ელისო ბოლქვაძის ამ ფესტივალმა, მას შესწევს უნარი გადაიქცეს გაცილებით ფართო და მასშტაბური რეგიონულ ფესტივლად, სადაც მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდობაც მიიღებს მონაწილეობას. ბათუმში არსებობს ყველა პირობა და რესურსი, რომ 1000 ბავშვი ჩამოვიდეს მთელი რიგი ქვეყნებიდან. ეს ხომ გარკვეული შემოსავლის წყარო გახდება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის?

ელისო ბოლქვაძის ფესტივალს შეუძლია გააძლიეროს არა მარტო საქართველოს ეკონომიკა, არამედ, პოლიტიკაზეც მოახდინოს სასიკეთო გავლენა. წარმოიდგინეთ ეს 300 ბავშვი, ვინც ახლა ფესტივალზე დასასწრებად და მასტერკლასების მოსასმენად მთელი საქართველოდან ჩამოდის, მათ ჰყავთ მშობლები, ნათესავ–მოკეთეები და საქართველოს რეალობაში ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ათი ათასობით ამომრჩევლის ხმას მოიპოვებ მომავალ არჩევნებში. ისე რომ, საღად შეაფასეთ ამ ფესტივალს წონა ძვირფასო პოლიტიკოსებო, მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე რომ გახსენდებათ ხალხი. როცა ასეთ პროექტს უძღვნი შენს ხალხს საჩუქრად, ეს უკვე ადამიანებზე ზრუნვაა და ისინი ამას კარგად ხედავენ და საღად აფასებენ. და ამის მერე, ერთი თვით ადრე აღარ მოგიწევთ სირბილი და ოფლისღვრა და ხანდახან ხელჩართული ბრძოლაც ხმების მოსაპოვებლად.

ნახეთ, რა საოცარი ძალა აქვს ხელოვნებას?! ელისო ბოლქვაძე როგორ უნივერსალურ ინსტრუმენტს ფლობს ამ ფესტივალის სახით? ეს არის მართლაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის უპრეცედენტო ფესტივალი, რომლის არსებობით და შემდგომი განვითარების ბედით ყველა თანაბრად უნდა იყოს დაინტერესებული. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ძვირფასი და სათაყვანო სამშობლოს ინტერესებს ემსახურება?

ელისო ბოლქვაძე თავისი პირმშო ფესტივალით საკუთარი ქვეყნის სიყვარულისა და პატრონობის მასტერკლასს გვიტარებს ჩვენ – ყველას და შეუძლებელია, ვინმე გულგრილი დარჩეს მის მიმართ.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

წყარო: eunews.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები