გარემოს დაცვის სამინისტრო: ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ რჩება მისი გავრცელების საშიშროება
ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ რჩება მისი გავრცელების საშიშროება.
სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 1500-მდე ცოცხალი ძალაა ჩართული. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის წევრებთან და მინისტრებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა.
„ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ რჩება ხანძრის გავრცელების საშიშროება. დილიდან მუშაობა განაახლა 6-მა ვეტმფრენმა. მაშველი-მეხანძრეები, მეტყევეები, პოლიციელები, მუშაობას 24 -საათიან რეჟიმში აგრძელებენ. ცოცხალი ძალის მიერ გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, დღეის მდგომარეობით, 2 ქართული, 1 აზერბაიჯანული, 1 ბელორუსული და 2 თურქული ვერტმფრენი, ასევე 1 თურქული თვითმფრინავი მონაწილეობს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდგომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო ტერიტორიას შესწავლის, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება განსახორციელებელი ღონისძიებები.