ისნის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათი ქონება დაზღვეული არ იყო – მათ გამგებელი დახმარებას დაჰპირდა

ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი ე.წ. მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე მივიდა და ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შეხვდა. როგორც გამგებელმა აღნიშნა, გამგეობა, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, დაზარალებულებს დაეხმარება.
“ჩვენ შევხვდებით დაზარალებულებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედებთ. გამგეობის კომპეტენციის ფარგლებში ის შედის, რომ ჩვენ შუამავალ რგოლს წარმოვადგენთ ბაზრობის დირექციასა და მოვაჭრეებს შორის. გავერკვევით სიტუაციაში და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, რა პრობლემებია გადასაჭრელი და რა მოთხოვნები ექნებათ დაზარალებულებს”, – განაცხადა ქიზიყურაშვილმა.
რაც შეეხება კომერციული ფართების დაზღვევას, ისნის გამგებლის განცხადებით, არამარტო დაზღვევა, არამედ ბევრი საკითხია დასარეგულირებელი, მათ შორის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო საკითხები.
“ამაზე, ალბათ, თვითონ ხელშეკრულების გაფორმების დროს პასუხისმგებლობა უნდა აიღონ შესაბამისი ტერიტორიის ხელმძღვანელებმა და მეპატრონეებმა. ბევრი რაღაც არის დასარეგულირებელი. არ ვიცით, რა ხელშეკრულებით რეგულირდებოდა მათი ურთიერთობები. ვნახავთ, გავერკვევით ყველაფერში. რა თქმა უნდა, ეს საკითხები დასარეგულირებელია”, – განაცხადა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა.
ისნის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული სავაჭრო ობიექტების მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მათი ქონება დაზღვეული არ იყო. დაზარალებულებს ბაზრობის ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზიები აქვთ.
“ბაზრობის ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ მაღაზიები თქვენს მფლობელობაში იყო და თქვენ თვითონ მიხედეთო. ჩვენ ვართ დაზარალებულები. გუშინ ღამე ვნახე, რომ ჩემი მაღაზია მთლიანადაა დამწვარი, ჭერი ჩამონგრეულია. შემდეგ სამართალდამცველებმა ტერიტორია დაგვატოვებინეს, დღეს კი ადგილზე შესვლის საშუალება არ გვეძლევა”, – განაცხადა ემზარ ლეთოდიანმა.
შეგახსენებთ, რომ ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე, ხანძარი წუხელ გაჩნდა. ადგილზე 21 სამაშველო ბრიგადა და 100- ზე მეტი მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები