BBC-ს წამყვანი მიხეილ სააკაშვილს – „რასაც გასცემ, ის დაგიბრუნდება “

0

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა BBC-ს გადაცემა HardTalk-ის კითხვებს უპასუხა. საუბარი შეეხებოდა პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ და მის სამომავლო გეგმებს.
„არის თუ არა ეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის დასასრული?“ – ამ წარდგენით დაიწყო BBC-ს წამყვანმა სტივენ საკურმა ეთერი და დაინტერესდა, რატომ არის ახლა სააკაშვილი პოლონეთის დედაქალაქში. „იმიტომ რომ, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირს, არ გაქვთ სახლი და არ იცით, სად წახვიდეთ?“.
სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ უკრაინაშია მისი სახლი და მუდმივი ბინადრობის ადგილი. „მე ასევე ჯერ კიდევ მაქვს სახლი საქართველოში. მე ვარ აქ, რადგან პოლონელმა მეგობრებმა დამპატიჟეს პოროშენკოს გადაწყვეტილების შემდეგ. აქ ვარ, რადგან ახლოს ვარ უკრაინასთან და 9 ან 10 სექტემბერს ვაპირებ იქ დაბრუნებას. ჩვენ გვჭირდება გარკვეული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
BBC-ს წამყვანმა კი ივარაუდა, რომ უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში მას დააკავებდნენ, რადგან არ აქვს ქვეყანაში ყოფნის ლეგალური უფლება. როდესაც სააკაშვილმა მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე ისაუბრა, წამყვანმა ყოფილ პრეზიდენტს შეახსენა, რომ საქართველოში მიმდინარე საქმეები შეეხება 7 ნოემბრის მოვლენებს, მათ შორის დემონსტრაციების დარბევისა და ოპოზიციურ ტელეკომპანიაში შეჭრის ეპიზოდებს.
„უკრაინელებმა თქვეს, რომ თუ შეეცდებით ქვეყანაში დაბრუნებას, ისინი განიხილავენ საექსტრადიციო მოთხოვნას საქართველოში გაგზავნასთან დაკავშირებით. შუამავლობის გარეშე რატომ არ წახვალთ თბილისში და არ წარდგებით სასამართლოს წინაშე“, – მიმართა წამყვანმა სააკაშვილს.
„რადგან მე ვარ მოქმედი და წარმატებული უკრაინელი პოლიტიკოსი, მზარდი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ძალიან ბევრი მხარდამჭერი მყავს და ბოლომდე სჯერათ იმ რეფორმების, რომელთა სიმბოლო ჩემს ხალხთან ერთად ვარ. როდესაც საუბრობთ ე.წ. ბრალდებებზე, მათ არ აღიარებს არცერთი ქვეყანა მსოფლიოში, ინტერპოლმა უარი განაცხადა ჩემი დაკავების ორდერის გაცემაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ საპარლამენტო არჩევნების მოგებაზე, არჩევნებისთვის რუსეთიდან ორი მილიარდი დოლარის მოზიდვაზე და ამ პროცესში პუტინისა და მედვედევის ინტერესებზეც ისაუბრა. ამის შემდეგ კი წამყვანმა გაიხსენა, რომ სწორედ სააკაშვილმა ჩამოართვა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა. „რასაც გასცემ, ის დაგიბრუნდება“, – ასე შეიძლება იმ ფრაზის გადათარგმნა, რომელიც BBC-ს წამყვანმა გამოიყენა.
სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ ივანიშვილმა მოქალაქეობა ავტომატურად დაკარგა, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. „მაგრამ ის არავის გაუძევებია ქვეყნიდან, როგორც ეს პოროშენკომ გააკეთა“, – განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა, რომ ივანიშვილის გამო, კანონმდებლობა შეცვალეს, რათა მას არჩევნების შემდეგ თანამდებობის დაკავება შეეძლო. როდესაც სააკაშვილმა პოროშენკო გააკრიტიკა, წამყვანმა შეახსენა, რომ ისინი ერთად სწავლობდნენ და სწორედ პოროშენკომ დაპატიჟა ის უკრაინაში 2015 წელს.
„თქვენ არ ხართ უკრაინელი, თქვენ ქართველი ხართ“, – მიმართა საკურმა სააკაშვილს, რაზეც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა მჭიდროდ დაკავშირებულია ერთმანეთთან და მაგალითად, საქართველოს მთავრობაში უკრაინელი მინისტრია.

კომენტარები

კომენტარი