ქეთევან ციხელაშვილი: გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს განვაგრძობთ
„კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება და ჩვენ ვაგრძელებთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
უფასო სამედიცინო აქცია, რომელშიც სახელმწიფო მინისტრი მონაწილეობას მიიღებს, ამჯერად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის საბავშვო ბაღში ჩატარდება. ახალუბნის, ჯარიაშენის, აძვისა და მუმლაანთკარის მოსახლეობას სამედიცინო ცენტრის „გორმედის“ სხვადასხვა პროფილის 10 ექიმი უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებს. ადგილზე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა და რეანომობილი იქნება. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი კვლევებისთვის პაციენტებს „გორმედის“ სპეციალისტები უფასოდ სტაციონარში გადაიყვანენ და ადგილზე გამოიკვლევენ.
„კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება და ჩვენ ვაგრძელებთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს. ვფიქრობ, ადგილზე სამედიცინო მომსახურების მიღება ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. ამჯერად ამ საქმეში გვერდით ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სამედიცინო ცენტრი „გორმედი“ დაგვიდგა და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ.
ამასთან, ცხადია, შევხვდები ამ სოფლების მოსახლეობას და მათგან მივიღებ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გამოწვევები აქვთ და რა შეგვიძლია, დამატებით გავაკეთოთ ამ ადამიანების მდგომარეობის შესამსუბუქებლად, რომლებსაც მავთულხლართების და ყოველდღიური გამოწვევების პირისპირ უწევთ ცხოვრება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სამედიცინო აქცია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სამედიცინო ცენტრის „გორმედის“ ორგანიზებით, შიდა ქართლის გუბერნიისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართება. სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამედიცინო აქციას სოფელ ახალუბნის საბავშვო ბაღში 12:00 საათზე შეუერთდება.
17 ივნისს, უფასო სამედიცინო აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კომპანია „ავერსის“ მხარდაჭერით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში სოფლების – ავლევის, ცერონისის, თამარაშენის და კნოლევის მოსახლეობისთვის გაიმართა.