იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები აშშ-ს საელჩოს მრჩეველს შეხვდნენ

0

 სამართლებრივ საკითხებში, მაიკლ გრანტთან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის ცვლილებების თაობაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები აშშ-ს საელჩოს მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში, მაიკლ გრანტს შეხვდნენ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელიც კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების დროს დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვას შეეხება.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნა, კომიტეტი რამდენიმე თვეა ამ საკითხზე მუშაობს და ამ მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე მუშაობს.
მისი განმარტებით, ჯგუფის შექმნა განაპირობა 2017 წლის 27 იანვარს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელიც ეხებოდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის ჩანაწერს – დაცვის მხარის მიერ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფში ჩართულები არიან: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, უზენაესი სასამართლო, საერთო სასამართლოები, იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და ექსპერტები. ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა და განსახილველ საკითხზე ორი ექსპერტიზა ტარდება. „ამ თემაზე მალე იქნება გერმანელი ექსპერტების დასკვნა, ხოლო გუშინ მივიღეთ გაეროსა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობიდან ექსპერტული მოსაზრება”,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საშემოდგომო სესიისთვის კანონპროექტი მზად უნდა იყოს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის გაუქმების შემდეგ შესაბამის უწყებებს – პროკურატურას, შსს-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სასამართლოს ხელი ეშლებათ მუშაობაში და საჭიროა ახალი რეგულაცია, რომელიც იქნება „კარგად შეჯერებული და დაბალანსებული” აშშ-ს საელჩოს მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ამერიკული გამოცდილება, თუ როგორია ამერიკული მოდელი კომპიუტერული ინფორმაციის მოპოვების, დამაგრებისა და ფიქსაციის დროს, ასევე მხარეთა მონაწილეობა და სასამართლოს კონტროლი. მაიკლ გრანტმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „ციფრული მტკიცებულებები ამერიკული სისხლის სამართლის სისტემაში”.
მან ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ციფრული მტკიცებულებების მნიშვნელობა, ციფრული მტკიცებულებების ძირითადი სახეები, ბრალდებულის უფლება მოიპოვოს ციფრული მტკიცებულებები, ციფრულ მტკიცებულებების მოპოვების სამართლებრივი მექანიზმები, სამართლებრივი იძულების განხორციელება და იძულების ფორმა. პრეზენტაციის შემდეგ მაიკლ გრანტმა შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა, გაიმართა დისკუსია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს საელჩოს მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში, მაიკლ გრანტს საინტერესო პრეზენტაციისთვის, პრაქტიკული გამოცდილებისა და საკანონმდებლო სტანდარტების გაზიარებისთვის. „ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენს სამუშაო ჯგუფს ძალიან დაეხმარება ამ მოდელის და სტანდარტების გაცნობა. როგორც ვხედავთ, მთავარია პრინციპული საკითხები, რომელიც გათვალისწინებულიუნდა იყოს ბალანსის დაცვის დროს. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი დისკუსია იქნება ინტენსიური და სასარგებლოც, განსაკუთრებით საშემოდგომო ეტაპზე, როდესაც უნდა მივიღოთ კომპრომისული და კარგი სტანდარტების მქონე მოდელი, რომელიც დაიცავს ბალანს საჯარო და პირად ინტერესს შორის, დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის, რაც, საბოლო ჯამში, მართლმსაჯულების და სამართლიანობის განხორციელების პრინციპს ემსახურება”,-აღნიშნა ეკა ბესელიამ. აშშ-ს საელჩოს მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში, მაიკლ გრანტმა მზადყოფნა გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, კომიტეტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა, ამ პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი