ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი: „თბილისი – 2017“ ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი – 2017“ ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.
კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი შამათავა მიიჩნევს, რომ „თბილისი“ უპრეცედენტო შესაძლებლობას აძლევს მწერლებს, მომღერლებს, მოქანდაკეებს, მხატვრებს, ფოტოგრაფებს, არქიტექტორებს სახელოვნებო ფორმატში ერთმანეთს გაეჯიბრონ. კონკურენცია უფრო სასიამოვნოა, რადგან მასში როგორც დებიუტანტები, ისე ღვაწლმოსილი ხელოვანები ერთვებიან.
„სასიხარულოა, როდესაც ამ მარათონში ასობით მწერალი, მოქანდაკე, არქიტექტორი, მხატვარი, მუსიკოსი თუ ფოტოგრაფი მონაწილეობს. ქართულ სახელოვნებო-სალიტერატურო სივრცეში თანამედროვეთა აზრი მნიშვნელოვანია, რადგან ხელოვანები ეხებიან სოციალურ-ეკონომიკურ თემებს და კულტურულ ასპექტში საუბრობენ „ალტერნატიულ საქართველოს რეალობაზე“, ლეიკემიით დაავადებულ ოჯახებზე, ემიგრანტობის სევდაზე, სამშობლოს მონატრებაზე, აფხაზეთში მომხდარ ტრაგედიაზე, „ზღაპრებზე ფანჯრიდან დანახულ ხეებზე“, ქართულ რეალობას – „დღევანდელობის ჰორიზონტიდან“, სოციალური ყოფიდან გამომდინარე დაკარგულ „მამის სახლზე“, რომელშიც პოეტი მისდა უნებურად აღმოაჩენს, რომ საზარელი რეალობის, დანაკარგის შემხედვარე მამა სიზმარშიც კვდება; არაჩვეულებრივად წერენ სკოლის მოსწავლეები ესეებს ხან „თბილისზე“, ხან „ვეფხისტყაოსანზე“, პოემის თარგმანის მნიშვნელობაზე და ა.შ.“,- აცხადებს ირაკლი შამათავა.
მისივე თქმით, ესსეს თემატიკა ყოველწლიურად იცვლება, 2017 წლის საკონკურსო თემატიკად განისაზღვრა „ილიას საქართველო”, ან ნებისმიერი თემა ნიკოლოზ ბარათიშვილის შემოქმედებიდან.
2017 წლის კონკურსისთვის ნაწარმოებების მიღება დაწყებულია და 8 სექტემბერს შეწყდება.
დეტალური ინფორმაცია განთავსებულია თბილისის საკრებულოს ვებგვერდზე.
ირაკლი შამათავას შეფასებით, კონკურსი „თბილისი” ერთგვარი სტიმულია, მეტი ნაწარმოებები შეიქმნას ქართულ სახელოვნებო სივრცეში. მოტივაციას ამაღლებს ასევე, დაწესებული ფულადი პრემია, რომელიც შეადგენს 1500 ლარს და კონკურსის პრიზი – სიმბოლო, XII საუკუნის არტეფაქტის – ხოხბის – გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი, რომელიც სპეციალურად ამ კონკურსისთვის, მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა.
კონკურსი 2015 წელს დაწესდა და ტრადიციულად ყოველწლიურად იმართება. ის აერთიანებს ლიტერატურის, სიმღერის, ფოტოგრაფიის, არქიტექტურის, ქანდაკების, ფერწერის ნომინაციებს.
კონკურსის მიზანია ძველი და ახალი თაობის წარმომადგენელთა გაერთიანება ერთ სახელოვნებო ფორმატში.
როგორც კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, კონკურსი ყოველწიურად ვითარდება და შესაძლოა, მომავალ წელს სხვა ნომინაციებიც დაემატოს.
„კონკურსი „თბილისი“ შარშან გასცდა ქვეყნის მასშტაბებს და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 2016 წლის ფერწერის ნომინაციის გამარჯვებული ესპანეთში მცხოვრები ქართველი მხატვარი გახდა. ჩვენ ვთანამშრომლობთ დიასპორებთან და, სწორედ მათი აქტივობის საფუძველზე ვავრცელებთ ინფორმაციის საზღვარგარეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმებული, რაც ითვალისწინებს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელთა და მოზარდთა ჩართვას კონკურსში. სამინისტროები მემორანდუმის ფარგლებში, კონკურსის პოპულარიზაციის მხრივ დიდად გვეხმარებიან“, – აცხადებს ირაკლი შამათავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები