ქეთევან ციხელაშვილი: ახალგორის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვა უკანონო და მიუღებელი ნაბიჯია
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სკოლებში ქართული ენის აკრძალვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს დისკრიმინაციაა.
მისივე თქმით, წლებია მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიტიკა, რომ ქართველ მოსახლეობაზე განხორციელდეს ზეწოლა ეთნიკური ნიშნით. როგორც ციხელაშვილმა განაცხადა, ეს არის მიუღებელი საქართველოს ხელისუფლებისთვის და ასევე მიუღებელი საერთაშორისო თანამეგობრობისათვის.
,,გავრცელდა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მინიშნებები იმის თაობაზე, რომ არსებობს განზრახვა, ახალგორის რეგიონებში ქართული სკოლები რუსულ სწავლებაზე გადავიდეს. ფაქტობრივად, განხორციელდეს რუსიფიკაციის პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯი. თქვენ იცით, რომ გალის რაიონში, სამწუხაროდ, უკვე წლების განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიტიკა, რომ ქართველ მოსახლეობაზე განხორციელდეს ზეწოლა ეთნიკური ნიშნით. დისკრიმინაცია გამოიხატება, პირველ რიგში, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვით, ახლა ანალოგიური პოლიტიკის განხორციელება, როგორც ჩანს, არის გეგმაში ცხინვალის რეგიონის მიმართულებითაც. ეს არის უკანონო და მიუღებელი ნაბიჯი. თუ ეს განხორციელდება, ეს არის ცალსახად დისკრიმინაცია ქართველი მოსახლეობის, რომლებიც ისედაც მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობენ.
ჩვენთვის ეს საკითხი არის და იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ყველა ფორუმში კიდევ უფრო აქტიურად დავიცვათ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები, დავიცვათ ისინი დისკრიმინაციისაგან და რუსიფიკაციის მცდელობისაგან, უზრუნველყოფილი იყოს მათი ფუნდამენტური უფლებები. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ აუცილებელია, ამ რეგიონებში წვდომა იყოს უზრუნველყოფილი საერთაშორისო უსაფრთხოების მექნიზმებისათვის, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებისათვის, იმისათვის, რომ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდეს“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.