ევროკავშირის წარმომადგენლობა პუტინის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პუტინის აფხაზეთში ჩასვლა არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს.
“რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზე განახორციელა, ისევე როგორც მანამდე განხორციელებული სხვა ვიზიტები, არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაზე მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას. ევროკავშირის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”,-ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.