ვლადიმერ პუტინი: ჩვენ საიმედოდ უზრუნველვყოფთ აფხაზეთის უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას
„ჩვენ სრულიად განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს აფხაზეთთან. ჩვენ საიმედოდ უზრუნველვყოფთ აფხაზეთის უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას“,-ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბიჭვინთაში, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრამდე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთი მომავალშიც აპირებს აფხაზეთის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და აფხაზეთის ძალოვანი უწყებები აფხაზეთში ტურისტების უსაფრთხოების მიზნით ითანამშრომლებენ.
“ჩვენ სასაუბრო ბევრი გვაქვს. თუმცა, მთავარი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ სრულიად განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს აფხაზეთთან. ჩვენ საიმედოდ უზრუნველვყოფთ აფხაზეთის უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება მომავალში.
თავად აფხაზეთის მოქალაქეები, ასევე რუსები და სტუმრები, საიდანაც არ უნდა ჩამოვიდნენ ისინი, უნდა აცნობიერებდნენ და გრძნობდნენ, რომ საიმედო დაცვის ქვეშ არიან. ვიმედოვნებ, ეს ერთობლივი სამუშაო აქ მყოფი ტურისტების უსაფრთხოების დონეს გაზრდის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.